ძუძუს კიბო ქალბატონებში კანის სიმსივნეების შემდეგ ყველაზე გავრცელებულია. მისი განვითარება არა მხოლოდ ქალბატონებში, არამედ მამაკაცებშიც შესაძლებელია.
ძუძუს კიბო სარძევე ჯირკვლის ქსოვილიდან განვითარებული სიმსივნის ფორმაა. საგანმანათლებლო ღონისძიებებმა და ძუძუს კიბოს სკრინინგ პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობა და მისი შორსწასულ ფორმებში აღმოჩენის პრევალენტობა, ხოლო დიაგნოსტირება და მკურნალობა უფრო მარტივი გახადა.
როგორია ძუძუს კიბოს სიმპტომები?
სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს:
• სარძევე ჯირკვლის სიღრმეში პალპირებადი გამაგრებული მასა, რომელიც კონსისტენციით განსხვავდება გარშემომყოფი ქსოვილებისგან;
• სარძევე ჯირკვლის ზომაში, ფორმაში და კონსისტენციაში ცვლილება;
• კანის ზედაპირის ცვლილება (ფორთოხლის ზედაპირისებრი კანი);
• ჩაბრუნებული დვრილი;
• გარქოვანებული და აქერცვლისკენ მიდრეკილი კანის ზედაპირის ზონის გაჩენა დვრილის გარშემო ან მკერდის სხვა იზოლირებულ არეში;
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ მსგავსი სიმპტომები. თუ ადგილზე ვიზიტს ვერ ახერხებთ გამოიყენეთ REDMED-ის პლატფორმის აუდიო ან ვიდეო კონსულტაციის ფუნქცია.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ძუძუს კიბო?
ნებისმიერი სახის სიმსივნის გამომწვევი მიზეზი ხშირად უცნობია ან კომპლექსური მიზეზების ერთობლიობას წარმოადგენს. ძუძუს კიბოს განვითარების მექანიზმი მდგომარეობს სარძევე ჯირკვლის უჯრედების ანომალურ ზრდაში. უჯრედებმა შესაძლოა განიცადონ მეტასტაზირება (გავრცელება) სარძევე ჯირკვლიდან ლიმფური სადინრების მეშვეობით, სხეულის სხვა ნაწილებშიც.
კვლევებმა დაადასტურეს ძუძუს კიბოს გამომწვევი ჰორმონალური, გარემო და ცხოვრების სტილის ფაქტორები, რომლებიც ასევე რისკ ფაქტორებს წარმოადგენენ თუკი აღინიშნება გენეტიკური წინასწარგანწყობა.
გამომწვევი ფაქტორების უმეტეს ნაწილს სწორედ მემკვიდრეობითი ფორმა წარმოადგენს, რომელიც BRCA გენის მუტირებული ფორმის აღმოჩენით დგინდება. ეს გენები არამარტო სარძევე ჯირკვლის, არამედ საკვერცხეების სიმსივნის რისკსაც ზრდიან.
ასევე ძუძუს კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორებს წარმოადგენენ:
• მდედრობითი სქესი;
• ასაკის მატება;
• წარსულში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი;
• წარსულში არსებული სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი;
• რადიაციული ზემოქმედება (ქიმიოთერაპია, რენტგენის ხშირი გამოყენება, მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება);
• სიმსუქნე (მეტაბოლური დარღვევის და ჰორმონული ცვლილებების გამო);
• მშობიარობების არარსებობა ანამნეზში;
• პოსტმენოპაუზური ჰორმონოთერაპია;
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.
როგორია ძუძუს კიბოს პრევენცია?
სარძევე ჯირკვლის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია კომპლექსური ზრუნვა როგორც პრევენციული ზომების თვალსაზრისით, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირდებით. მნიშვნელოვან პრევენციულ ზომებს წარმოადგენენ:
• სკრინინგ პროგრამებში ჩართვა - საქართველოს ეროვნული სკრინინგ პროგრამის ფარგლებში 40 წლიდან;
• რუტინული გასინჯვის წარმოება საკუთარი ხელით – პალპაცია სპეციალური წესით, რასაც თქვენი მამოლოგი გასწავლით;
• ალკოჰოლის მიღების მაქსიმალურად შეზღუდვა;
• ფიზიკური აქტივობა – მინიმუმ ნახევარი საათი ყოველდღე;
• პოსტმენოპაუზური ჰორმონოთერაპიის ადექვატური დოზების მიღება;
• სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნება.
ძუძუს კიბოს მკურნალობა
ძუძუს კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია მის სტადიაზე, ტიპზე და ზომაზე, ასევე იმაზე თუ როგორ რეაგირებენ სიმსივნური უჯრედები ჰორმონებზე. თქვენი ექიმი ასევე მკურნალობის გზების შერჩევის დროს ითვალისწინებს თქვენი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და თქვენს პრიორიტეტებს.
ქალბატონების უმეტესობა, თუნდაც ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის დროს, თანახმაა რადიკალური ზომების მიღებაზე ქირურგიული ჩარევის კუთხით, რათა მაქსიმალურად შეაჩერონ სიმსივნური ქსოვილების ზრდა. თუმცა რიგ შემთხვევებში ქირურგიული ჩარევის შემდგომ კვლავ დგება ქიმიოთერაპიის გამოყენების საკითხი.
არსებობს უამრავი მეთოდი და მიდგომა თუ როგორ შეგვიძლია ძუძუს კიბოს მკურნალობა, თუმცა მისი არჩევა კომპლექსურია და თქვენს სპეციალისტსა და თქვენს მიერ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაზეა დამოკიდებული.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას