თვალს ვახელ.
კედელზე ჩამოკიდებული საათი ჩვეულზე უფრო ხმამაღლა აწიკწიკებს თავის წყეულ წამების ისარს. 3-ს უკლია წუთები. შუადღეა. მხოლოდ საათის შეხედვით ვხვდები, რომ დაახლოებით საათნახევარი მეძინა. ბოლო 10 დღეა ჩემი ცირკადული რითმი სრულიად მოიშალა - ან არ მძინავს, ან უშედეგოდ ვცდილობ რომ დავიძინო.
თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია - ღამისთევას ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე შეჩვეული ვარ. ქირურგიაში მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილება ერთი რამ კარგად მასწავლა - ყველა შესაძლო მომენტში უნდა დაიძინო, რადგანაც წინასწარ არ იცი, როგორი მორიგეობა გექნება. მეც შემეძლო ნებისმიერ მომენტში ჩამძინებოდა, თვალის დახუჭვიდან 5 წუთში. ახლა კი უკვე მეათე დღეა ვერ ვიძინებ. უფრო სწორად, ვერ ვხვდები, როდის მძინავს. ჩემს აღქმაში უბრალოდ ვთვლემ, მაგრამ ძილი არ მოდის.
მუდმივად დაღლილი ვარ. საქმის კეთების ძალა არ მაქვს. უმცირესი მოტივაციაც კი არ მაქვს, რომ რაიმე ღირებული გავაკეთო, ამიტომაც დაუსრულებლად ვსქროლავ ნიუსფიდს. შუალედებში ზედიზედ ვუყურებ სერიალს. 4 სეზონი ამოვწურე 3 დღეში. სარკეში ჩაწითლებული თვალების შემხდვარე იმაზე ვფიქრობ, წვეთები ხომ არ ამოვიტანო აფთიაქიდან. სახლიდან გასვლის თავი არ მაქვს.
შხაპს ვიღებ. ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ ცოტა ჩამთვლიმა და წავბორძიკდი. ვჯდები და დახუჭულ თვალებს მუხლებს ვაჭერ. ისეთი სცენაა, ფილმის მთავარი გმირი რომ პირველად მოკლავს ვინმეს და შხაპის ქვეშ რომ აქვს „ბრეიქდაუნი“. ტელეფონი მაინც შემომეტანა, ეგებ რამე შესაბამისი მუსიკა ჩაერთო ალგორითმს.
დასაწერი სტატიების განრიგს ჩამოვრჩი. თითოეული ჩემი ნამუშევრის უკან მინიმუმ 10 წაკითხული სამეცნიერო ნაშრომია და მე კი რაიმეს წასაკითხად კონცენტრაციას ვერ ვიკრებ. ვცდილობ რაიმეს თარგმნა ვაიძულო საკუთარ თავს, ეგებ ამან მიშველოს - უშედეგოდ. 6 საათი დავჭირდი 100 სიტყვის დაწერას.
მადას არ ვუჩივოდი, მაგრამ ახლა ჭამის სურვილი არ მიჩნდება. ძალით ვყლაპავ ლუკმებს. მინდა რომ ყავა და ჩაი არ დავლიო, მაგრამ არ გამომდის. თუ მაინც მღვიძავს, ეგებ დაწმენდილი გონება მქონდეს, რომ რამე გავაკეთო. საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ მანკიერი წრე იკვრება - კოფეინს ვიღებ რომ ცოტა მოვფხიზლდე და ენერგიაზე მოვიდე, მაგრამ ეს კოფეინი საბოლოოდ ჩაძინებაში მიშლის ხელს, რის გამოც კიდევ კოფეინის სმა მიწევს. ჯერ ვერ გავარღვიე ეს ჩაკეტილი წრე.
ვიცი რაც მაწუხებს. ბოლო რამდენიმე წელია შემოდგომა-ზამთრის გასაყარზე სულ ასე ვარ, ოღონდ უფრო მსუბუქი ფორმით. ძილის პრობლემა აქამდე არ შემქმნია და ეს ამ სეზონზე ახალია. ბოლო პერიოდის სტრესის ბრალი უნდა იყოს.
სეზონურ აფექტურ აშლილობას (SAD) ჩვენში მარტივად სეზონურ დეპრესიას უწოდებენ. იგი დიდი დეპრესიული აშლილობის ქვეტიპად განიხილება, თუმცა ფსიქიატრთა ნაწილის არგუმენტირებით, ეს დამოუკიდებელი დაავადებაა. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ SAD ზამთრის დადგომის თანმდევად დღის სინათლის შემცირებით გამოწვეული ცირკადული რიტმის ცვლილების ბრალი იყოს.
დაავადების სიმპტომები მჭიდრო კავშირშია გუნება-განწყობასთან: უმეტესად გამოხატულია დეპრესია, უიმედობა, კონცენტრაციის უუნარობა, კვების დარღვევა და მადის ცვლილება (შესაძლოა ადამიანს მუდმივად ჭამა უნდოდეს და წონაში მოიმატოს, ან პირიქით უმადობისა და კვების შემცირების ხარჯზე გახდეს), დარღვეულია ძილი (შესაძლოა გამოხატული იყოს ძლიერი ძილიანობა ან პირიქით - უძილობა). SAD-ის დიაგნოზის დასასმელად 2 წლიანი ანამნეზია საჭირო - მსგავსი სიმპტომები 2 სეზონის მანძილზე, თითქმის იდენტურ დროის პერიოდში უნდა გამეორდეს. მკურნალობის სქემაც რამდენადმე განსხვავებულია - პაციენტებს ანტიდეპრესანტებთან ერთად სინათლის თერაპია ენიშნებათ. დღის სინათლე უშუალო გავლენას ახდენს ორგანიზმში სეროტონინის წარმოქმნაზე და მის დეფიციტს დეპრესიული განწყობის შექმნა შეუძლია. ამიტომ, SAD-ის დროს დღის განათების იმიტაციას ხელოვნურად, სახლის პირობებში ვქმნით. ამგვარად, ზამთრის მოკლე, ნაკლებად მზიანი დღეების დეფიციტს ასეთი ფორმით ვინაზღაურებთ.
ჩემი უახლოესი მეგობარი, ფსიქიატრია. საკუთარ ამბავს ვუყვები, ოღონდ მხოლოდ უძილობაზე ვამახვილებ ყურადღებას და ვთხოვ, შესაბამისი საძილე აბები მირჩიოს. რადგანაც მანამდეც ვისაუბრეთ და თვითონაც ძალიან კარგად მიცნობს და ორ წამალს მეუბნება - ერთს საძილეს და ერთს ანტიდეპრესანტს, რომელსაც თანამდევი ინსომნიის სამკურნალოდ იყენებენ.
წამლის ანოტაცია ონლაინ მოვიძიე და გულდასმით წავიკითხე. შესაძლო გვერდითი ეფექტები და სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების თავისებურებანი მივინიშნე. მეზობლად მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში დავრეკე და დავაზუსტე, რა დასახელებით ჰქონდათ ეს მედიკამენტი. გულის სიღრმეში მაინც ერთი აზრი მიტრიალებს: იქნებ უბრალოდ საძილე მედიკამენტის დალევით გამოვძვრე?
ერთ-ერთი ყველაზე რთული ანტიდეპრესანტის ყიდვისას იმის გააზრებაა, რომ დეპრესია გაქვს. არა, ამას შესაძლოა შესანიშნავად იაზრებდე, მაგრამ საკუთარ თავთან ამის აღიარებაა რთული. იმისთვის, რომ „ნორმალური“, ჯანმრთელი ადამიანივით იფუნქციონირო, შენს ორგანიზმს დამატებით ტაბლეტების სმა სჭირდება. თან საქმე უბრალო მედიკამენტს არ ეხება - მკურნალობის კურსი გაცილებით ხანგრძლივია და ეფექტსაც მოგვიანებით ნახავ. შესაძლოა უკეთ გახდომაზე ფიქრი დროში გაიწელოს და საკუთარ თავს სულ უფორ ხშირად უმეორო ეს ჩუმად ნერვების მჯიჯგნავი კითხვა: იქნებ მედიკამენტი არ მუშაობს?
მე თვითონ ბევრჯერ მისაუბრია სხვასთან დეპრესიაზე სხვასთან. საზოგადოებაში ფსიქიატრიის ირგვლივ არსებული სტიგმა ბოლო პერიოდში მოლღვა და ყინულიც ნელ-ნელა დაიძრა - ფსიქიატრთან ვიზიტის შესახებ ხმამაღლა საუბარს უხშირეს ადამიანებმა.
ყველაზე ხშირად თანამოსაუბრისთვის იმის ახსნა მიწევს რომ დეპრესია სულაც არ ნიშნავს, რომ სუსტი ადამიანი ხარ, ან ცხოვრებასთან დამარცხდი. ეს უბრალოდ დაავადებაა, რომელიც შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გემართება და რომელსაც მკურნალობა სჭირდება. აი, პნევმონია (იგივე „ფილტვების ანთება“) რომ დაგემართოს, ამის თქმის და აღიარების ხომ არ შეგრცხვება? დამოუკიდებლად ამას ხომ ვერ უმკურნალებ? სრულიად ლოგიკური და აუცილებელი ნაბიჯი ექიმთან ვიზიტია.
მკურნალობას რაც შეეხება, ამისთვის მარტივ ანალოგიას ვიშველიებ: დეპრესიის მკურნალობა მარათონია და არა სპრინტი. აქ სასურველი შედეგის მიღება რამდენიმე კვირა, ზოგჯერ კი თვეები სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თავს გაცილებით უკეთ გრძნობდეთ, მკურნალობის ხანგრძლივი კურსი მაინც ბოლომდე, სპეციფიურად არის მისაყვანი - მოულოდნელად შეწყვეტილ მკურნალობას მძიმე გართულებები შეიძლება მოყვეს.
ეს ყველაფერი მე ძალიან კარგად ვიცი. დღე არ გავა, რომ დეპრესიაზე რაღაც ახალი არ წავითხო და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც: აფთიაქში ანტიდეპრესანტის საყიდლად შესვლა ძალიან გამიჭირდა.
შინდისფერ კოლოფს ვხსნი და ტაბლეტებს ვათვალიერებ. ოვალური, ამობურცული აბის შუაში გავლებული ხაზი დოზას ორად ყოფს. მაგიდაზე ვდებ და თითით ზემოდან ვაწვები. ადვილად იყოფა თურმე შუაზე. შემდეგი 3 თვე ამის გაკეთება დღეგამოშვებით მომიწევს. მთავარია არ დამავიწყდეს. მობილურში აპლიკაცია ჩავიწერე, რომელიც ყოველდღიურად ჩემს მაგივრად გაიხსენებს წამლის დალევის დროს.
საბანში გახვეული ნახევარ აბს უწყლოდ ვსვამ და თვალებს ვხუჭავ. ვიცი, რომ მომენტალურად არ დაიწყებს მოქმედებას, მაგრამ ვცდილობ მივეხმარო.
ცოტა ხანში ვგრძნობ, რომ ქუთუთოები დამიმძიმდა - წამწამებზე თითქოს რაღაც მექაჩება და თვალის გახელაში მიშლის ხელს. მღვიძავს, მაგრამ მთლად მღვიძარე ნამდვილად არ მეთქმის. სადღაც ჩაძინების ზღვარზე ვარ გაჭედილი.
სველ ასფალტს მზე აცხუნებს და მანქანის ზეთის ფერად ლაქაში ირეკლება. ირგვლივ ნისლია და მის მიღმა სწრაფი მდინარის ხმა ჩემამდე აღწევს. ნაცნობი სახლისკენ ფეხით ვაგრძელებ გზას. სახლში შესულს ბებია მეკითხება, ხომ არ დავსველდი. არათქო ვპასუხობ და საწვიმარს სკამის ზურგზე ვკიდებ, ხოლო სკამს - ღუმელთან ახლოს. სვანური ღუმელის კარში მოგიზგიზე ნაკვერჩალი ჩანს და ეს საუცხოო სითბო სრულად ავსებს მთელ ოთახს. ქურთუკს ორთქლი ასდის და მასზე თვალგაშტერებული ვიაზრებ, რომ ბებიაჩემი 10 წელზე მეტია რაც გარდაიცვალა.
ვხვდები, რომ მძინავს.
პირველად მოხდა, რომ ამის გააზრებისთანავე არ გამომღვიძებია. თვალებით კედელზე ნაცნობ ადგილს ვეძებ, სადაც საათი ჰკიდია. ისრები მოუხსნია ვიღაცას. ახლა უკვე დარწმუნებით ვიცი, რომ მძინავს. 10 წელზე მეტია ბებია არ დამსიზმრებია.
- როგორ ხარ, ნონია?
პირველი 10 დღის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ფერად, საინტერესო და ბევრ სიზმარს ვნახულობდი. განცდა მქონდა, რომ თითოეული დაძინებისას ძალიან საინტერესო სერიალის მთლიან სეზონს ვნახულობდი. გაუღვიძებლად მეძინა მინიმუმ 8 საათი. ვიღვიძებდი სრულად დასვენებული და ენერგიული. ფსიქიატრთან ვიზიტებმა მოსალოდნელი შედეგი გამოიღო - ბოლო 1 თვის მანძილზე პირველად ვიგრძენი სრული შინაგანი სიმშვიდე.
ცირკადული რითმი მომიწესრიგდა: ღამე მძინავს და დღე ვსაქმიანობ. ვსეირნობ ეზოში და ვიღებ მზის აბაზებს. თვალსა და ხელს შუა ვგრძნობ ენერგიის მომატებას. ვკითულობ ლაღად და კონცენტრაციის სრული მოკრებით. წერაც განვაახლე. განცდა მაქვს, რომ ყოველი მომდევნო დღე წინაზე უკეთესია. ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველად ჩემს გონებაში გაიჟღერა სიტყვამ „ოპტიმიზმი“.
ხანგრძლივი მკურნალობის მარათონში პირველი, ყველაზე მძიმე ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას