კორონავირუსის ციებ-ცხელება ნელ-ნელა კი გადადის მგონი, მაგრამ სანამ სიტყვა ვირუსი ჯერ კიდევ ცხელია, სხვა მნიშვნელოვან ვირუსებზეც მოვასწროთ საუბარი. ამჯერად - პაპილომავირუსზე. კორონასი არც გარე ბიძაშვილია და არც შორეული ახლობელი, მაგრამ მნიშვნელოვანია.
ადამიანის პაპილომავირუსი (ინგლისურად Human Papillomavirus– HPV) არის ვირუსი რომელიც გადადის კონტაქტის გზით, მათ შორის ინტიმური კონტაქტით ანუ სქესობრივად. ორი რამის გამოწვევა შეუძლია: მეჭეჭების და კიბოსი (ისე, ცოტა ახლოახლო რომ იყოს, დიდად დავალებული დავრჩებოდით). როგორც ბევრ ვირუსს, მასაც საკმაოდ ბევრი ტიპი აქვს (150-ზე მეტი სახის პაპილომავირუსი არსებობს, შესაბამისად დანომრილი). აქედან ზოგი ჩვეულებრივ, კანის მეჭეჭებს იწვევს, ზოგი ამობურცულს, ზოგი ბრტყელს, ზოგი ანოგენიტალურს (ანუ ანუსის და გენიტალიების, სასქესო ორგანოების მიდამოში), ზოგი კი - ქსოვილების სიმსივნურ გადაგვარებას.
ყველა ერთდროულად ყველაფერს არ იწვევს, ვირუსის ტიპს გააჩნია, რამდენად დიდი ზიანის მოყენება შეუძლია. ადამიანების დიდ ნაწილს პაპილომავირუსი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვდება. არაა აუცილებელი რამე სიმპტომი გამოვლინდეს გადადებისას, არც სიცხე ახასიათებს და არც ტკივილი და სხვა რამე „ვირუსული”. გამოვლენა იმაზეა დამოკიდებული, იმუნიტეტს აჯობებს თუ არა. თუ მოახერხა და აჯობა - გაჩნდება მეჭეჭი კანზე ან ლორწოვანზე, ან დაზიანება შინაგან ორგანოზე. რადგანაც გადადება კონტაქტის მეშვეობით ხდება, ლოგიკურია, რომ სქესობრივი გზით გადადებისას მეჭეჭები/დაზიანება ჩნდება სასქესო ორგანოებზე, საშვილოსნოს ყელზე, სწორ ნაწლავსა და პირში. თუ იმუნიტეტს ვერაფერი გაუბედა - გაიტრუნება უჯრედებში და როცა მოახერხებს მაშინ გამოყოფს თავს, თუნდაც ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. შესაბამისად, ზუსტად როდის გადაედო ადამიანს ან ვისგან - მაგის თქმა ძნელი შეიძლება იყოს. შემთხვევათა უმრავლესობაში, ორგანიზმში მოხვედრილ ვირუსს იმუნიტეტი ჩაავლებს კბილს და რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ გარეთ გაისვრის კინწისკვრით. ეს განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მქონე ადამიანებში. შემთხვევათა ნაწილში, ერთხელ მოხვედრილი ვირუსი რჩება, უჯრედებში ცხოვრობს და მიძინებულია, იმუნიტეტის დასუსტებას ელის, რომ თავი გამოყოს.
როგორც ვთქვით, ძალიან ბევრი ტიპი არსებობს პაპილომავირუსის. მაგალითად, ტიპები 1 და 2 იწვევენ ჩეულებრივ მეჭეჭებს კანზე - რომელთა მკურნალობაც იმის მიხედვით ხდება, თუ რამდენად არ ელამაზება პაციენტს. ანუ საშიში არაფერია და მარტივი პროცედურით მოიშორებთ, თუ არ მოგწონთ. სალაპარაკოც არაფერია მათზე. ყველაზე საყურადღებოა ე.წ. მაღალი რისკის ტიპები, რომლებიც კიბოს იწვევენ. ესენია მაგალითად 16, 18, 31, 33, 35, 45. ყველანაირ კიბოს, რა თქმა უნდა, არ იწვევენ. მაწანწალა ვირუსი არაა პაპილომა, სადაც გადაედება ადამიანს კონტაქტით, იქვე რჩება, იქ ცხოვრობს და აფუჭებს საქმეს. შესაბამისად, ღვიძლის სიმსივნეს ვერასდროს გამოიწვევს, იმიტომ, რომ იქ პაპილომავირუსს რა უნდა. სამაგიეროდ, შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის, ანუსის, ვულვის, საშოს, პენისის და ყელის კიბო. ზოგადად, საშვილოსნოს ყელისა და ანუსის კიბოს შემთხვევათა 90% პაპილომავირუსის ბრალია. კონკრეტულად ტიპები 16 და 18 კიბოს შემთხვევების 70%-ს იწვევს, დანარჩენს - სხვები. კიდევ მეტი სტატისტიკა და რიცხვები რომ შევყაროთ, ასეთი ამბავია: მაღალი რისკის ვირუსით ინფიცირებულ ქალთა 10%-ში საშვილოსნოს ყელზე ვითარდება ქრონიკული პაპილომავირუსული ინფექცია, რაც წლების შემდეგ გადაგვარებითა და კიბოს განვითარებით შეიძლება დასრულდეს. ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბო მესამე ყველაზე ხშირი სიმსივნეა ქალებში.
პაპილომავირუსი, როგორც ვთქვით, ფიზიკური კონტაქტის, მათ შორის სქესობრივი კონტაქტის გზით გადადის. ჰოდა რადგანაც კანის კონტაქტიც საკმარისია გადასადებად, სამწუხაროდ, კონდომის ანუ პრეზერვატივის გამოყენებით თავს ბოლომდე ვერ დაიცავთ. მართალია პრეზერვატივი უამრავი სხვა ინფექციისა და პრობლემისგან გიცავთ, მაგრამ მიმდებარე კანს ბოლომდე ვერ ფარავს, შესაბამისად, პაპილომავირუსის გადადების რისკი მაინც რჩება დაცული სექსის დროსაც კი, მათ შორის ორალური და ანალური სექსისას. აბა მაშინ საშველი აღარ ყოფილა? რამე გზა ჰო უნდა არსებობდეს რო ამდენი ტიპისგან დავიცვათ თავი და კიბომდე არ მივიდეს საქმე? თუ სექსი უნდა აიკრძალოს? არა, ეგ ვერ მოხერხდება, შესაბამისად მეცნიერებმა ძალიან მოინდომეს და გამოსავალიც მოიფიქრეს: პაპილომავირუსის არასაშიში ტიპების თუ არც გვეშინია, ხოლო საშიში ტიპები საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევენ ყველაზე ხშირად, ჩვენც ავდგეთ და ზუსტად მანდ ჩავუსაფრდეთ, ასე ავიცილოთ თავიდანო.
ბევრ სიმსივნეზე წარმოდგენაც არ გვაქვს, რა იწვევს. საშვილოსნოს ყელის კიბოზე - ვიცით, პაპილომავირუსია მიზეზი ძალიან ხშირად. ჰოდა ლოგიკურია არა? თუ ვიცით, რომ პაპილომავირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს, რატომ არ გამოვიკვლიოთ ქალები პერიოდულად და დავრწმუნდეთ, რომ შიგნით, ყელზე, ჩუმჩუმად არაფერი ცუდი არ ხდება. და თუ ხდება - იმდენად ადრე შევამჩნიოთ და დავიჭიროთ, რომ მართლა სიმსივნემდე მისვლა ვერ მოასწროს. ამ ყველაფერს ერთი სიტყვით სკრინინგი ჰქვია - ანუ პროფილაქტიკური კვლევა რაიმე დაავადების ადრეულ სტადიაზე დაჭერის მიზნით. ჰოდა საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის ერთმა მეცნიერმა, გვარად პაპანიკოლაუმ მოიგონა ე.წ. პაპ-ტესტი. ეს არის ფაქტობრივად ნაცხი, ოღონდ ღრმად, საშვილოსნოს ყელიდან აღებული. რა თქმა უნდა, ტარდება ქალებში, რადგანაც კაცებს არც საშვილოსნო აქვთ და არც მისი ყელი. პროცედურა ასეთია: ექიმი დგამს სარკეს საშოში, საშვილოსნოს ყელს პატარა ჯაგრისს უსვამს, მოფხეკს და ამ ჯაგრისზე აყოლილ უჯრედებს მიკროსკოპის ქვეშ ნახულობენ, არის თუ არა რაიმე დაზიანების ნიშნები. მიკროსკოპში ვირუსი რათქმაუნდა არ ჩანს, ჩანს შეცვლილი უჯრედები, რის გამოც ეჭვი მიიტანება, რომ აქ შეიძლება პაპილომავირუსით გამოწვეული დაზიანება იყოს. პაპ-ტესტში ვირუსი დაინახეს, უჯრედზე იჯდა და ხელს იქნევდა, ეგეთი რამე არ არსებობს.
მოკლედ, კაცობრიობა ვსხედვართ და ველოდებით, მეცნიერება სიმსივნის წამალს ან საერთოდ ამ პლანეტიდან გასაქრობ საშუალებას როდის გამოიგონებს. ამ დროს, ბევრმა არც კი ვიცით რომ ზოგი სიმსივნისთვის უკვე გამოგონილია ასეთი რამ. მარტივი, უფასო და ყველა ქალისთვის აუცილებელი, მესამე ყველაზე ხშირი სიმსივნის, საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან ასაცილებლად.
ავტორი: ნია ხაჭაპურიძე
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას