
როგორ ავიცილო თავიდან გასტრიტი?
გასტრიტი ზოგადი ტერმინია და აღნიშნავს კუჭის უჯრედებში მიმდინარე ანთებით პროცესს. გასტრიტი ბევრმა სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს: მიკროორგანიზმებმა (მაგ.: ჰელიკობაქტერია), მედიკამენტებმა (მაგ.: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებები), ტოქსიურმა ნივთიერებებმა (მაგ.: ალკოჰოლი), იმუნური სისტემის მომართვამ საკუთარი ორგანოების, ამ შემთხვევაში კუჭის, წინააღმდეგ (მაგ.: აუტოიმუნური გასტრიტი) და ა.შ. ანთებით პროცესს, თუ მიზეზი დროულად არ იქნა ნაპოვნი და ადეკვატურად ნამართი, ბევრი სახიფათო გართულება შეიძლება მოჰყვეს დროთა განმავლობაში. ამ გართულებების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ჩივილების არსებობის შემთხვევაში (როგორებიცაა: ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, სიმძიმის შეგრძნება კვების შემდეგ, გულისრევა/ღებინება, წვის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში და სხვ.) მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც დაგეგმავს კომპლექსურ კვლევას დიაგნოზის დასასმელად და ადეკვატური მკურნალობის დასანიშნად.
როგორ ვუმკურნალო შებერილობას?
შებერილობის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, პირველი კითხვა რომელიც უნდა დასვას ექიმმა არის შემდეგი: რატომ ვლინდება გაზების ჭარბი დაგროვება? გასტროენტეროლოგი ეცდება გაერკვეს შებერილობა იზოლირებული დარღვევაა თქვენს შემთხვევაში თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე სხვა პათოლოგიის თანმხლები სიმპტომია.
თუ თქვენი ექიმი აღმოაჩენს რომელიმე გასტროენტეროლოგიურ პათოლოგიას (ფუნქციურსა თუ ორგანულს), რომლის თანმხლებიც შეიძლება იყოს შებერილობა - მაშინ უმკურნალებს ძირითად დაავადებას და დააკვირდება პარარელურად შებერილობა როგორ უმჯობესდება.
თუ თქვენი ექიმი სხვა ვერანაირ პრობლემას აღმოაჩენს გარდა იზოლირებული შებერილობისა, მაშინ მოგცემთ რამდენიმე დიეტურ რჩევას და შეიძლება გირჩიოთ რამდენიმე დამხმარე მედიკამენტიც, რომლითაც ეცდება მდგომარეობის გაუმჯობესებას.
როგორ ვებრძოლო გულძმარვას ?
გულძმარვა ყველაზე ხშირად არის ერთი პათოლოგიური პროცესის გამომხატველი სიმპტომი - კუჭის წვენის მოხვედრისა იქ, სადაც მას ბუნებრივად არაფერი ესაქმება - საყლაპავ მილში. საყლაპავი მილის ზედაპირი ამოფენილია ფაქიზი უჯრედებით, რომლებიც არ არიან დაპროექტებული მსგავს აგრესიულ ნივთიერებასთან გამკლავებისთვის და როდესაც ეს კონტაქტი სხვადასხვა მიზეზის გამო მაინც ხდება, ჩივილიც ჩნდება.
გულძმარვის დროს გასტროენტეროლოგი პირველ რიგში გამოგკითხავთ ისტორიას, ეცდება დაადგინოს ჩივილის დინამიკა, გამოიკითხოს სხვა თანმხლები ჩივილები და რაც მთავარია - ე.წ. საგანგაშო ნიშნები. ამ ყველაფრის შემდგომ დაგეგმავს გარკვეულ კვლევებს (ენდოსკოპიით ან საწყის ეტაპზე - მის გარეშე) და დანიშნავს მკურნალობას, რომლის მთავარი არსი იქნება შემდეგი - აგრესორის (ანუ კუჭის წვენის) განეიტრალება.
რამდენად საშიშია ტკივილი კუჭის არეში ?
ტკივილი კუჭის არეში შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული. დაწყებული კუჭისა და თუ 12-გოჯა ნაწლავის სხვადასხვა ორგანული პათოლოგიებით (წყლული, ანთება, სიმსივნე და ა.შ.) და დასრულებული ფუნქციური პათოლოგიებით (მაგ.: ფუნქციური დისპეფსია).
გასტროენტეროლოგმა დეტალურად უნდა გამოიკითხოს ჩივილის წარმოქმნისა და განვითარების დინამიკა, თანმხლები სიმპტომები, საგანგაშო ნიშნები, მაპროვოცირებელი და გამაუმჯობესებელი ფაქტორები, რის შემდგომაც უნდა დაგეგმოს კვლევები, დასვას დიაგნოზი და დაიწყოს მდგომარეობის ოპტიმალური მართვა.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას


