კანის პრიკ (ჩხვლეტითი) და კანშიდა სინჯი მთელ რიგ მედიკამენტებზე ტარდება, კანში არსებული წამალსპეციფიკური ანტისხეულების გამოსავლენად. ამ ტიპის გამოკვლევა მხოლოდ პირველი, სწრაფი ტიპის, ალერგიული რეაქციის შესაფასებლად გამოიყენება. დადებითი პასუხი 15-20 წუთში გამოვლინდება, რაც წამალსპეციფიკური ანტისხეულების არსებობაზე და შესაბამისად, პირველი ტიპის ალერგიული რეაქციის არსებობაზე მიუთითებს.
მიღებული პასუხის სანდოობა რამდენიმე ფაქტორზე დამოკიდებული, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს კლინიცისტმა. პირველ რიგში უნდა განისაზღვროს მედიკამენტი არაიმუნოლოგიური მექანიზმებით, ანუ პირდაპირი მოქმედებით ხომ არ იწვევს ალერგიის ფაქტორების (ჰისტამინის) გამოთავისუფლებას. მნიშვნელოვანია, მედიკამენტის იმ კონცენტრაციაზე განზავება, რომლიც არ გამოიწვევს კანის არასპეციფიკურ გაღიზიანებას. სინჯის ჩატარებამდე აუცილებელია იმ მედიკამენტების განხილვა, რომელსაც პაციენტი იღებს, რადგან მედიკამენტთა რამდენიმე ჯგუფი, მაგალითად, ანტიჰისტამინები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აქვეითებს კანის რეაქტიულობას (მგრძობელობას), რამაც შეიძლება ცრუ უარყოფითი პასუხი მოგვცეს. სარწმუნო შედეგების მისაღებად საჭიროა ამ მედიკამენტების შეწყვეტა სინჯის ჩატარებამდე, შესაბამისი ვადებით.
ყველა ზემოთჩამოთვლილი პრინციპის დაცვისა და ტექნიკურად სწორად ჩატარებული სინჯის შემდეგ გამოვლენილი დადებითი პასუხი მედიკამენტურ ალერგიაზე მიუთითებს.
მედიკამენტთა უმრავლესობა ღვიძლში გადამუშავდება და გარდაიქმნება შუალედურ ფორმებად, რომელზეც ასევე შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია. პენიცილინის გარდა, შუალედური ფორმების რეაგენტები, სამწუხაროდ, არ არსებობს, ამიტომ კანის სინჯი მხოლოდ არამეტაბოლიზირებულ ფორმებზე ტარდება, რაც ალერგიული პაციენტების მხოლოდ გარკველი ნაწილის გამოვლენის საშუალებას გვაძლევს. შესაბამისად, უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ალერგიას, რადგან პაციენტი შეიძლება მედიკამენტის გარდაქმნის შემდგომ ფორმაზე იყოს ალერგიული.
ალერგიული რინიტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, ის გამოვლინდება ცხვირის გაჭედვით, ცხვირიდან ჭარბი გამჭვირვალე გამონადენით, სერიული ცემინებით, რასაც თან დაერთვის ცხვირის, თვალებისა და სასის ქავილი.
ალერგიული რინიტის გამომწვევი ფაქტორი დეტალურად შეკრებილი ანამნეზით, კანის სინჯებითა და სისხლში სპეციფიკური IgE -ის განსაზღვრით გამოვლინდება. ალერგენის დადგენის შემდეგ, აუცილებელია პაციენტისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება მისი მოცილების გზებთან დაკავშირებით. მაგალითად, მტვრის ტკიპაზე ალერგიის შემთხვევაში ძველი ხალიჩების, ძველი რბილი ავეჯის მოცილება, სახლის ინტენსიური წმენდა HRPA მტვერსასრუტებით, ტენიანობის კონტროლი, ბავშვის ოთახში რბილი სათამაშოების მინიმუმამდე შემცირება და ა.შ
ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერადიკაციური ( მოცილებით) თერაპია საკმარისი არ არის, სიმპტომების დამაკმაყოფილებელი კონტროლისთვის. პაციენტების უმეტესობა მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებს. ალერგიული რინიტის ფარმაკოთერაპია სიმპტომების გამოვლენის სიხშირით, სიმწვავით, პაციენტის ასაკისა და თანმდევი დაავადებების არსებობით განისაზღვრება.
ალერგიული რინიტის მკურნალობაში არჩევის პრეპარატი ნაზალური კორტიკოსტეროიდებია, რომლელიც ყველაზე ეფექტური ერთკომპონენტიანი სამკურნალო საშუალებაა, რეკომენდირებულ დოზებში მიღებას კი მინიმალური გვერდითი მოვლენები აქვს. მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია ნაზალური სტეროიდების მაქსიმალური დოზებით დანიშვნა, შემდეგ ნელ-ნელა დოზის შემცირება. მინიმალურ ეფექტურ დოზაზე ჩამოსვლისას კი მკურნალობა ხანგრძლივად გრძელდება.
ალერგიული რინიტის სამკურნალოდ ასევე გამოიყენება ანტიჰისტამინური ნაზალური სპრეების, მეორე თაობის ანტიჰისტამინური მედიკამენტების, ქრომოლინის ნაზალური სპრეების, ლეიკოტრიენების ანტაგონისტების, დეკონგესტანტების გამოყენება. თუ მხოლოდ ერთკომპონენტიანი მკურნალობით სიმპტომების დამაკმაყოფილებელი გაკონტროლება ვერ ხერხდება, შესაძლებელია კომბინაციური ფარკამოთერაპიის ჩატარება. მაგალითად, ნაზალური კორტიკოსტეროიდებისა და ნაზალური ანტიჰისტამინური სპრეების ერთდროული გამოყენება.
თუ მედიკამენტური მკურნალობა დამაკმაყოფილებელ შედეგს არ იძლევა, განსაკუთრებით რეფრაქტერული და ძალიან მძიმე რინიტის დროს, მოწოდებულია კანქვეშა ან ენისქვეშა იმუნოთერაპიის ჩატარება.
არსანიშნავია, რომ ალერგიული რინიტის განვითარებისთვის საჭიროა ალერგენთან განმეორებითი და ინტენსიური კონტაქტი, ამიტომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ძალიან იშვიათია მისი გამოვლენა. თუ 2 წლამდე გამოვლინდა ცხვირისმიერი მუდმივი სიმპტომები, უმჯობესია, ალტერნატიული დიაგნოზზე დაფიქრება, როგორიცაა ადენოიდების ჰიპერტროფია ან ქრონიკული რინოსინუსიტი.
თუ თქვენ წელიწადის ერთსა და იმავე დროს სეზონური ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გივლინდებათ, როგორიცაა: ცხვირით სუნთქვის გაძნელბა, ჭარბი გამჭვირვალე გამონადენი ცხვირიდან, სერიული ცემინება, თვალების, ცხვირის, ყელისა და ყურების ქავილი, ძილის დარღვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სეზონური ალერგია გაქვთ. მწვავე და ძლიერ შემაწუხებელი სიმპტომების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომების მიღებაა საჭირო.
ალერგოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, სისხლში სპეციფიკური იმუნოგლობულინისა და კანის სინჯის საშუალებით შესაძლებელია სეზონური ალერგიის გამომწვევი ფაქტორის დადგენა. პირადი გამოცდილებისა და დაკვირვების შემდეგ, პაციენტმა ზუსტად იცის, როდის ეწყება სეზონური ალერგიისთვის დამახასიათებელი ნიშნები. შემაწუხებელი სიმპტომების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.
რეკომენდებულია ანტიჰისტამინური მედიკამენტების მიღება 1-2 კვირით ადრე სიმპტომების გამოჩენამდე.
სიმპტომების გამოჩენის პერიოდში უმჯობესია შენობის შიგნით დარჩენა. დახურეთ მანქანისა და სახლის ფანჯრები, გასაგრილებლად გამოიყენეთ კონდიციონერი. სახლში მისვლისთანავე გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ ფიზიოლოგიური ხსნარით, რინოდუშისა და სპრეების გამოყენებით. დაწოლამდე მიიღეთ შხაპი, რათა კანი და თმა გათავისუფლდეს ალერგენებისგან. გარეთ გასვლის შემთხვევაში ატარეთ ნიღაბი.
კვებითი ალერგია ნებისმიერი პროდუქტის მიმართ შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა მათი განვითარების დიდი წილი რვა პროდუქტზე მოდის, რომელსაც ალერგიულ დიდ რვიანად მოიხსენიებენ. ესენია: თხილეულიდან მიწის თხილი და ნიგოზი, თევზეულიდან თევზი და მოლუსკები, ასევე კვერცხი, რძე, სოიო და ხორბალი. მოზრდილებში კვებითი ალერგიების დიდი ნაწილი თხილეულსა და ზღვის პროდუქტებზე მოდის. ბავშვთა ასაკში ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგია ძროხის რძესა და ქათმის კვერცხის მიმართ გამოვლინდება, რაც ასაკის მატებასთან ერთად შემთხვევების 90%-ში ქრება. თხილეულზე და თევზეულზე აღმოცენებული ალერგიული რეაქცია კი, უმეტეს შემთხვევაში, მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება.
ასევე აღსანიშნავია, რომ სეზონური ალერგიის მქონე პაციენტების 25-30%-ს, რომელიც მცენარეულ მტვერზეა სენსიბილიზებული, აღენიშნება ალერგია დაუმუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის მიმართ, რომელსაც ორალური ალერგიის სინდრომი ეწოდება, რაც ენის, ტუჩების, ყელისა და პირის ღრუს ქავილითა და მცირე შეშუპებით გამოვლინდება. ამის მიზეზი მცენარეებსა და საკვებ პროდუქტებს შორის ჯვარედინი კავშირია. მაგალითად, თუ არსებობს დადასტურებული ალერგია არყის ხის მიმართ, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ვაშლის, მსხლის, ალუბლის, სტაფილოსა და ნიახურის მიღების დროს.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას