მე ვარ ოთო ბუხრაშვილი, 29 წლის ქართველი ექიმი. მყავს მეუღლე და ორი შვილი. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და შემდეგ პოსტდიპლომური განათლების მისაღებად წამოვედი გერმანიაში.
ამჟამად სწორედ აქ ვცხოვრობ, კერძოდ, ქალაქ ზაარბრიუკენში. ვმუშაობ ქალაქ ფოლკლინგენის კლინიკაში, უროლოგიის, რობოტული ქირურგიის, ონკოლოგიური და ბავშვთა უროლოგიის დეპარტამენტში ექიმ-უროლოგად.
სტუდენტობის პერიოდიდანვე ვეძებდი სიახლეებსა და გამოწვევებს პროფესიულ სფეროში. მუდმივად ვცდილობდი ჩემი თვალსაწიერი გამეფართოვებინა და მქონოდა კონტაქტი მსოფლიო სამედიცინო სამყაროსთან. დროთა განმავლობაში დავრწმუნდი, რომ პროფესიული და, ამავდროულად, ჯანსაღი პიროვნული ზრდისათვის გარდაუვალი იყო რადიკალური ცვლილება, რამაც საბოლოოდ მიბიძგა საზღვარგარეთ წასვლისკენ. გერმანიასთან ბავშვობიდან მქონდა შეხება, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშიც ჩამოვდიოდი სამედიცინო პრაქტიკებისთვის.
გულახდილად რომ ვთქვა, ძალიან გამიმართლა და, ბევრი ჩემი კოლეგისგან განსხვავებით, მარტივად ვიპოვე სამუშაო ადგილი. გერმანიის კლინიკებში ასისტენტ-უროლოგის ვაკანსიები მოვძებნე და განაცხადები დავაგზავნე. პირველი გასაუბრების ბოლოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირდაპირ მითხრა, რომ ადგილი ჩემი იყო. ამას მოჰყვა გერმანიის ბიუროკრატიულ ლაბირინთში რამდენიმეკვირიანი სიარული, თუმცა წარმატებით. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის აღებიდან პირველ სამუშაო დღემდე სულ სამი თვე დამჭირდა.
სამედიცინო სამყაროში და არა მხოლოდ, გავრცელებულია მოსაზრება, რომ უროლოგია მეტ–ნაკლებად ვიწრო სპეციალობაა, რაც, ჩემი აზრით, არ არის სიმართლე. პირიქით, ის არის საკმაოდ ფართო პროფილის სპეციალობა და აერთიანებს ძალიან დიდ გამოცდილებას ექიმის განვითარებისათვის.
ის ჩემთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი იყო, რადგან არ მინდოდა ვყოფილიყავი კონკრეტული და ვიწრო მიმართულებით და მსურდა, თვალსაწიერი გამეფართოვებინა. მივხვდი, რომ უროლოგია, ამ შემთხვევაში, ჩემთვის იდეალური იყო. თანაც ეს მიმართულება არის სწრაფი – შედეგი დგება მალე. უროლოგის კონსულტაციისა და მკურნალობის შემდეგ, პაციენტი ეფექტს გრძნობს ძალიან სწრაფად.
რთულია გავიხსენო რომელიმე ერთი და განსაკუთრებული. ადრე თუ გვიან, ყველაფერი მეორდება. თუმცა, წელიწადში რამდენჯერმე მაინც არის იშვიათი, საკმაოდ რთული და მთელი საექიმო გუნდისათვის უცნობი შემთხვევა. ასეთ დროს ისევ იღვიძებს ჩვენში ჟინიანი მკლევარი და მეცნიერი. იწყებ ძიებას, ეცნობი ლიტერატურას, უკავშირდები კოლეგებს სხვა კლინიკებში, ერთი სიტყვით, ხდები უკეთესი, ვიდრე იყავი მანამდე.
ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, პაციენტს ესმოდეს და გააზრებული ჰქონდეს თავისი დაავადება, გასაგები იყოს მისთვის რატომ უტარდება კონკრეტული მკურნალობა. ამისათვის არ ვიშურებ დროსა და ენერგიას, რადგან მჯერა, რომ მხოლოდ ასე შეძლებს პაციენტი საკუთარ თავში იმ ძალის პოვნას, რაც დაეხმარება ავადმყოფობასთან ბრძოლაში.
მიუხედავად იმისა, რომ დასახული მიზნების მისაღწევად კიდევ რამდენიმე წელი ვაპირებ გერმანიაში დარჩენას, ძალიან მინდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება, შეძლებისდაგვარად, ქართველი პაციენტებისა და ქართული ჯანდაცვის სისტემისათვის სასარგებლო გავხადო. REDMED-ი ამის საშუალებას მაძლევს. ეს პროექტი პირველი ხიდია ჩემს, როგორც ექიმსა, და ჩემს ქვეყანას შორის.
ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს მის მომხმარებლებს გავხდეთ სხვადასხვა მოვლენის მონაწილე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ექიმისა და პაციენტის კომუნიკაცია შესაძლებელია დისტანციურად, და რიგ შემთხვევებში, დიაგნოსტიკისა და თერაპიული პროცესების მართვაც შეიძლება წარმატებით განხორციელდეს მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში.
ახალბედა, დამწყებ ექიმებს ვურჩევ: დასვით ბევრი კითხვა, იყავით თავდაჯერებულები, იმოქმედეთ სწრაფად, მაგრამ არ აჩქარდეთ. აღიარეთ და ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე.
თქვენი ჯანმრთელობა ყველაფერზე ძვირფასია! ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ იყოთ ჯანმრთელად. მიენდეთ ექიმებს, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარ თავში ეძებეთ ძალა ავადმყოფობასთან საბრძოლველად.
უროლოგ ოთო ბუხრაშვილის კონსულტაციის დასაჯავშნად გადადით ბმულზე.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას