მე ვარ გიორგი კურდღელაშვილი, ინფექციონისტი, შინაგანი დაავადებების ექიმი; ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მედიცინაში; ვმუშაობ Oklahoma City-ს ფედერალურ საავადმყოფოში, აშშ-ში.
1996 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თბილისშივე გავიარე ინტერნატურა. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველოსა და აშშ-ს სამედიცინო ინსტიტუციებს შორის ერთგვარი პარტნიორობის პროგრამა პირველად ყალიბდებოდა.
მახსოვს, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა რომ გადავწყვიტე, გამოცდებისთვის მზადების პერიოდშიც კი, ერთგვარ ფანტაზიის ნაყოფად მეჩვენებოდა უცხოეთში რეზიდენტურის კურსის გავლის შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, ეს იყო პოსტსაბჭოთა პერიოდი და ქვეყანაში გაუსაძლისი მდგომარეობა სუფევდა, - გაჭირვება, არანაირი ინფრასტრუქტურა თუ ცოდნა დასავლური მედიცინის შესახებ.
ჩვენ, მაშინდელი სამედიცინოს სტუდენტები, ვიზრდებოდით ქართულ-რუსული სახელმძღვანელოებით და როგორც გამოცდებისათვის მზადების პერიოდში აღმოვაჩინეთ, ამერიკულ მედიცინაში ჩაბმა კიდევ უფრო დიდ ცოდნას მოითხოვდა. შესაბამისად, მოგვიწია თავიდან გვესწავლა ბაზისური საგნებიც კი, მაგალითად, ჰისტოლოგია და ანატომია. საბოლოოდ, ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო და ჩავაბარეთ რეზიდენტურაში, ატლანტას შტატში, ემორის უნივერსიტეტში.
ჩემი ამერიკაში წამოსვლის მთავარი მიზანი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა გახლდათ. ჩემი თაობის თითოეულ წარმომადგენელს ახსოვს, იმ დროს რამდენად არარეალურად გვესახებოდა საქართველოში კარგი თუ არა, ნორმალური სამსახურის პოვნა მაინც. ამიტომაც, ორი არარეალური შესაძლებლობიდან მე პოზიტიური, უტოპიური ავირჩიე, რომელიც, როგორც ხედავთ, მაგიურ რეალიზმად იქცა. თუმცა, მარტივი პროცესი არ გეგონოთ ამ ოცნებების რეალობაც ქცევა, - ამერიკული გამოცდილება, კულტურა და ატმოსფერო სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. ეს იყო ჯარისკაცის შრომა. თუმცა, ჩემი მოტივაცია მიბიძგებდა, გამეძლო ამერიკული რეზიდენტურისთვის და ყველაფერი გამეკეთებინა დასახული მიზნის მისაღწევად.
ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პიროვნული გამოცდილებაა - პირველ რიგში, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის, საკუთარი თავის რწმენის თვალსაზრისით. აქ, როდესაც ექიმი რეზიდენტურას ამთავრებს, მას უკვე სრულფასოვან სპეციალისტად მიიჩნევენ და გუნდის თითოეული წევრი დიდ პატივს სცემს. ფაქტობრივად, რეზიდენტურის შემდეგ გათანაბრებული ხარ გამოცდილ ექიმთან. აქ, უბრალოდ, შეიძლება გქონდეს განსხვავება აკადემიურ ხარისხში, მაგრამ ეს არანაირად არ გამოიხატება იმით, თუ ვინ სინჯავს ავადმყოფს, ვინ რამდენ პაციენტს მიიღებს და ა.შ. ყველა ახერხებს თავისი შესაძლებლობების სრულ რეალიზებას.
გარდა იმისა, ამ ქვეყანამ მომცა საშუალება, რომ შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმომეჩინა, ჩემი ვიწრო სპეციალობა - ინფექციური და შინაგანი დაავადებების მკურნალობა - მჭიდროდ მაკავშირებს ზოგადად მედიცინასთან, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბევრი სპეციალიზაცია, ასე თუ ისე, მაინც კონცენტრირდება ამა თუ იმ ორგანოსა და სისტემაზე. ინფექციური დაავადებების სპეციალისტს კი უწევს ყველა სისტემის ანამნეზის დეტალურად შეკრება იმისათვის, რომ სწორი დიაგნოზი დასვას და სწორად გამოიკვლიოს. უმთავრესია, ასევე იმის შესაძლებლობაც, რომ ჩემი ცოდნა გავაზიარო და სხვებსაც დავეხმარო მის მიღებაში, რაც მუდამ სიამოვნებას და სრულფასოვნების შეგრძნებას მანიჭებს.
21 წელი გადის, რაც ინტერნატურა გავიარე და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანი დროსთან ერთად უფრო აცნობიერებ, თუ რამხელა გამოცდილება გიგროვდება. მოდის სტუდენტებისა და ექიმების ახალი თაობა და როცა მათთან გიწევს ურთიერთობა, მაშინ ხვდები, რომ შენ უკვე საკმარისი გამოცდილება გაქვს მიღებული, რათა სხვას ურჩიო და სწორ გზაზე დააყენო. გამოცდილებას პაციენტის მკურნალობის დროსაც გრძნობ, როცა ნაცნობი, უკვე გავლილი, ნაფიქრი და აღმოჩენილი დაავადებები თუ სიმპტომები გკარნახობს გზას სწორი დიაგნოზისაკენ. თუმცა, მხოლოდ გამოცდილება არასდროსაა საკმარისი. იმისათვის, რომ წარმატებით გაუძღვე შენს საქმეს, აუცილებელია მუდმივად ახლის სწავლა და გაგება. მით უმეტეს, ისეთ ცვალებად და განვითარებად დარგში, როგორიც მედიცინაა.
პაციენტთან ურთიერთობისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მის მიმართ პატივისცემისა და ყურადღების გამოჩენა. ჩვენც ვყოფილვართ პაციენტები და ალბათ ყველამ ვიცით, რამდენს ნიშნავს, გისმენს თუ არა ექიმი, რამდენად ყურადღებიანია, რამდენად ცდილობს შენს მდგომარეობაში შესვლას. შესაბამისად, ჩემი, როგორც ექიმის პირველადი ვალდებულებაა პაციენტს მორალური მხარდაჭერა აღმოვუჩინო, აუცილებლად უნდა გამოვხატო ემპათია და ამასთანავე, მივაწოდო სწორი ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ.
მათ, ვინც პროფესიად სამედიცინო სფერო და ექიმობა აირჩიეთ, გეტყვით: მთავარია, გიყვარდეთ თქვენი საქმე, განსაკუთრებით კი - პაციენტთან ურთიერთობა, მასზე ზრუნვა. არასოდეს დაიხიოთ უკან თქვენი მიზნების შესასრულებლად. თავიდანვე იცოდეთ, რომ დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევისა და ნებისყოფის გამოჩენა და რაც მთავარია, აუცილებლად დაუთმეთ დიდი დრო სწავლას. ეს თავიდანვე მოითხოვს უზღვავი მასალის კითხვას, თუმცა არ უნდა შეშინდეთ და სტუდენტობის წლები არ დაკარგოთ. ვინაიდან, მერე, როცა რეზიდენტურასა და პრაქტიკულ მედიცინაში გადაინაცვლებთ, ამ ბაზისური წიგნების კითხვის დრო აღარ არის. იმდენად ჩართული ხართ ავადმყოფის მკურნალობაში, რომ ამ მასალების გაცნობისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. აუცილებელია მუდმივად ორიენტირებული იყოთ უნარების, ცოდნის გაღრმავებაზე, რისთვისაც ხელიდან არ უნდა გაუშვათ გაცვლითი პროგრამები, თუ სხვა მსგავსი შესაძლებლობები.
სამყაროში ყველაფერი ვითარდება და ყოველდღიურად ახალი, აქამდე წარმოუდგენელი შესაძლებლობა ჩნდება, განსაკუთრებით კი - ციფრულ სამყაროში. დღევანდელ პირობებში ტელემედიცინა საკმაოდ განვითარებულია და, შეიძლება ითქვას, მის გარეშე ცხოვრება, ფაქტობრივად, უკვე წარმოუდგენელია. კოვიდპანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა ტელემედიცინის არსებობისა და გამოყენების მნიშვნელოვნება. კონსულტაციის ონლაინ გავლის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გეხმარება სწრაფ რეაგირებასა და რაც მთავარია, საზღვრების წაშლაში. დღეს მე შემიძლია ვუმკურნალო ავადმყოფს თუნდაც სხვა შტატში და რედმედის დახმარებით, უკვე სხვა კონტინენტზეც კი.
გიორგი კურდღელაშვილის კონსულტაციის დასაჯავშნად გადადით ბმულზე.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას