ჩიყვის სიმპტომები და მკურნალობის გზები

ჩიყვის სიმპტომები და მკურნალობის გზები
ჩიყვი ენდოკრინული სისტემის დაავადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დიაგნოზია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერ დაავადებას ჩიყვს უწოდებს, თუმცა ტერმინი ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდებას ნიშნავს.
განასხვავებენ ჩიყვის რამდენიმე სახეს, ესენია:
- ენდემური ჩიყვი - გამოწვეულია იოდის დეფიციტით. ძირითადად გვხვდება ისეთ რეგიონებში სადაც წყალში, ნიადაგში და საკვებ პროდუქტებში იოდის არასაკმარისი რაოდენობაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ასეთ გეოგრაფიულ არეალს განეკუთვნება ძირითადად მაღალმთიანი რეგიონები;
- დიფუზური ჩიყვი - ამ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი ზომაში მნიშვნელოვნად გადიდებულია, შესაძლებელია მიმდინარეობდეს როგორც ნორმალური, ასევე დარღვეული ფუნქციის ფონზე;
- კვანძოვანი ჩიყვი - მდგომარეობა, როდესაც ფარისებრ ჯირკვალში აღინიშნება კვანძოვანი წარმონაქმნები. ამ დროს თვითონ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მოცულობა შეიძლება იყოს მომატებული, დაპატარავებული ან ნორმის ფარგლებში, თუმცა მისი საერთო მოცულობა გაზრდილია კვანძ(ებ)ის არსებობის ფონზე. კვანძოვანი ჩიყვი შესაძლებელია განვითარდეს როგორც ნორმალური, ასევე დარღვეული ფუნქციის ფონზე.
ასევე ჩიყვი შესაძლოა გამოწვეული იყოს ფარისებრი ჯირკვლის ისეთი დაავადებების და ფიზიოლოგიური მდგომარეობების ფონზე, როგორებიცაა:
- ჰაშიმოტოს დაავადება - აუტოიმუნური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმუნური სისტემის მიერ ჯანსაღ ქსოვილებზე შეტევით. ჯირკვლის ქსოვილი ხდება ანთებადი და შესაძლოა განვითარდეს მისი ზომაში გადიდება. ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებული და ანთებული ქსოვილები არ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს (ჰიპოთირეოზი);
- გრეივსის დაავადება - აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აწარმოებს პროტეინს, რომელიც იმიტირებს TSH-ს. ეს ცილა იწვევს ფარისებრი ჯირკვალს ჰორმონების გადაჭარბებულ პროდუქციას (ჰიპერთირეოზი) და შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ზრდა;
- ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე - ფარისებრი ჯირკვლის კიბო სხვა სიმსივნეებთან შედარებით ნაკლებად გავრცელებული და ხშირ შემთხვევებში განკურნებადია. ფარისებრი ჯირკვლის კვანძების მქონე ადამიანების დაახლოებით 5%-ს აქვს კიბო;
- ორსულობა - ორსულობის დროს პროდუცირებულმა ჰორმონმა - ადამიანის ქორიონულმა გონადოტროპინმა (HCG), შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული აქტივობა და ზომაში გადიდება.
რა სიმპტომები ახასიათებს ჩიყვს?
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სიმპტომები დამოკიდებულია მის ფუნქციურ მდგომარეობაზე. შესაძლოა განვითრდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება - ჰიპერთირეოზი, ან ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოთირეოზი.
ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელია:
- საერთო სისუსტე;
- ადვილად დაღლა;
- ოფლიანობა;
- წონის კლება;
- ხელების კანკალი;
- გულისცემის აჩქარება;
- ნაწლავთა გახშირებული მოქმედება;
- შფოთვა;
- ემოციური ლაბილობა.
ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელია:
- სისუსტე;
- თმის ცვენა;
- ფრჩხილების მტვრევადობა;
- კანის სიმშრალე;
- ძილიანობა;
- მეხსიერების გაუარესება;
- წონის მატება;
- ყაბზობა;
- შეშუპება.
ჩიყვის მკურნალობა
ჩიყვის მკურნალობა დამოკიდებულია მის ზომაზე, სიმპტომებსა და გამომწვევ მიზეზზე. თუ ფარისებრი ჯირკვლის ზომა ოდნავ არის მომატებული და ფუნქცია არ არის დარღვეული, თქვენმა ენდოკრინოლოგმა შეიძლება შემოგთავაზოთ დინამიკაში დაკვირვება.
მკურნალობის მეთოდები მოიცავს მედიკამენტოზურ მკურნალობას, ქირურგიულ ჩარევას და რადიოაქტიური იოდით თერაპიას. არსებული ტაქტიკის შერჩევა უნდა მოხდეს დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარების შემდეგ, თვენი სპეციალისტის გადაწყვეტილებით.