ართრიტი ერთი ან მეტი სახსრის ანთებაა. მისი მთავარი სიმპტომი სახსრის ტკივილი და მისი რიგიდულობის მატებაა ასაკთან მიმართებაში. ართრიტის ყველაზე გავრცელებული ორი ფორმა ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტია.
ოსტეოართრიტი იწვევს სახსრის ხრტილოვანი ნაწილის გამკვრივებას და გლუვი ზედაპირის ხორკლიანი, გაძვალებული ზედაპირით ჩანაცვლებას. თავისი დრეკადი და ელასტიკური ბუნების წყალობით ხრტილი ძვლებს ზედმეტი ხახუნის გარეშე ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს, რაც ძალიან აადვილებს მოძრაობას. როდესაც ხრტილი ზიანდება, თხელდება და კარგავს ელასტიკურობას, ძვლებს შორის ხახუნი იმატებს. შედეგად თავს იჩენს ტკივილი, სახსარი შუპდება, მოძრაობა იზღუდება.
რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური პროცესის შედეგია, რომელიც გულისხმობს იმუნური სისტემის მიერ სახსრებზე შეტევას. იმუნური სისტემა უცხოდ აღიქვამს სახსრის ამომფენ სინოვიურ მემბრანას და მის თავიდან მოშორებას ცდილობს.
სინოვიური მემბრანა შიგნიდან ამოფენს სახსარს და წარმოქმნის სასახსრე სითხეს, რომელიც საპოხ ფუნქციას ასრულებს და სახსრის შემადგენელი ელემენტების კვებას უზრუნველყოფს. ორგანიზმის დამცველობითი სისტემის არასწორი აქტიურობის შედეგად სახსარში იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც იწვევს სახსრის შეშუპებას, ტკივილს, რიგიდულობას, დეფორმაციასა და დესტრუქციას.
რა სიმპტომები ახასიათებს არტრიტს?
ართრიტის სიმპტომები განსხვავდება მისი ფორმების მიხედვით, თუმცა არის სიმპტომები, რომლების საერთოა მათი უმეტესობისთვის, ესენია:
• ტკივილი სახსრებში;
• სახსრების რიგიდულობა;
• სიწითლე;
• შეშუპება;
• მოძრაობის შეზღუდვა.
ართრიტის განვითარების რისკ ფაქტორები
ართრიტის განვითარების რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება:
• ოჯახური წინასწარგანწყობა;
• ასაკი - ართრიტის განვითარება უმეტეს შემთხვევაში 65 წლის ასაკიდან იწყება და ასაკის ზდასთან ერთად მისი განვითარების რისკიც იმატებს;
• სქესი - მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში ართრიტის განვითარების რისკი უფრო მეტია ვიდრე მამრობითის შემთხვევაში;
• წარსულში არსებული სახსრების დაზიანება (ხშირია სპორტსმენებში);
• სიმსუქნე - წონის ზემოქმედება სახსრებზე ხელს უწყობს მისი ზედაპირის დატვირთვას, რაც ხშირია მუხლების, მენჯის და ხერხემლის ძვლებში.
როგორია ართრიტის მკურნალობა?
ართრიტის მკურნალობის მთავარი მიზანია დაავადებისგან გამოწვეული ტკივილის შეჩერება და შესაძლო გართულებების თავიდან აცილება.
ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში ხდება დაზიანებული სახსრის ხელოვნური სახსრით ჩანაცვლება. ამ მეთოდს ძირითადად მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების დაზიანების შემთხვევაში მიმართავენ. თითებისა და მაჯის სახსრის დაზიანების დროს კი გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ასევე ჰორმონული მედიკამენტები და ფიზიოთერაპია.
დაზიანებული სახსრის ირგვლივ კუნთების გამაგრება მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია, სწორედ ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ ხშირად მიმართავენ ფიზიკური თერაპიის პროცედურებსაც.
ართრიტის თავიდან ასაცილებლად ასევე მნიშვნელოვანია პრევენცია. ჭარბი წონის კლება მნიშვნელოვანი ფაქტორია ართრიტის თავიდან აცილებისათვის. გარდა ამისა ჯანმრთელი საკვები - ცოცხალი ხილი, ბოსტნეული, თევზი და თხილი დიდ გავლენას ახდენს ანთებითი პროცესის შეჩერებაზე.
თუ დაგიდგინდათ ართრიტის დიაგნოზი, რეკომენდებულია შეზღუდოთ შემწვარი და გადამუშავებული საკვები, რძის ნაწარმი და დიდი რაოდენობით ხორცპროდუქტები.
თუ ფიქრობთ რომ გაქვთ ართრიტის ნიშნები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან დაავადების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა თავიდან აგარიდებთ შესაძლო გართულებებს.
REDMED-ის პლატფორმის მოსახერხებელი ფორმატი და ჩვენი რევმატოლოგები დაგეხმარებიან კონსულტაციის ონლაინ რეჟიმში წარმართვაში. აუდიო ან ვიდეო კონსულტაციის საშუალებით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა დაავადების ადრეულ სტადიაზე მოახდინოთ მისი აღმოჩენა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას