REDMED APP
Get on the Store

COVID 19 კორონავირუსის სიმპტომები

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა დიდ ნაწილში დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად და პაციენტს არ სჭირდება სპეციალური დახმარება, თუმცა COVID-19 საკმაოდ ვერაგი დაავადებაა და გართულების შემთხვევაში ვითარდება ფილტვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანება.

ექიმის ბინაზე გამოძახებამდე გაითვალისწინეთ:

COVID-19 ინფექციის მართვის სახელმწიფო პროტოკოლის თანახმად აუცილებლად უნდა მიმართოთ ცხელების ცენტრს. თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი სიმპტომი მაინც:

ტემპერატურა 37°C და მეტი
გაციების ნიშნები: ხველება, სურდო, ყელის ტკივილი, და სხვა
დიარეა

COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო ისარგებლეთ ექიმის დისტანციური, ვიდეო კონსულტაციით

სიმპტომები

ქვემოთ ჩამოთვლილია ხშირი სიმპტომები, რომლებიც ვლინდება COVID -19 ინფექცით დაავადების შემთხვევაში, თუმცა გაითვალისწინე, რომ მხოლოდ კლინიკური სურათით ამ დაავადების დიაგნოზის დასმა შეუძლებელია.

ხველა
ცხელება
სუნთქვის გაძნელება და ქოშინი
კუნთების ტკივილი
ყელის ტკივილი
ყნოსვის და გემოს დაკარგვა
დაავადების გავრცელება

კორონავირუსი ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე გადადის წვეთოვანი გზით.
როდესაც დაავადებული ადამიანი ლაპარაკობს, ახველებს ან აცემინებს, მისი პირის და ცხვირის ღრუდან გამოფრქვეული უმცირესი წვეთები შეიცავენ ვირუსს. ეს წვეთები პირდაპირ შეიძლება მოხვდეს შენს ლორწოვან გარსზე - პირის ღრუ, ცხვირი ან თვალები და ვირუსი შეაღწევს ორგანიზმში, თუ შენ იმყოფები დაავადებულ ადამიანთან ორი მეტრზე ახლო მანძილზე. მეორე შესაძლო გზაა, როდესაც ვირუსის შემცველი წვეთები მოხვდება მყარ ზედაპირზე, შენ ხელით შეეხები ამ ზედაპირს და შემდეგ მალევე, ხელი დაბანის და სპირტიანი ხსნარით დამუშავების გარეშე დაბინძურებულ ხელით ვირუსს მოახვედრებ პირის ან ცხვირის ღრუს ლორწოვანში ან თვალებში.
საუბრის და ხველის დროს ინფიცირებული პირის ცხვირ-ხახიდან გამოყოფილი წვეთები დაახლოებით 2 მეტრზე ვრცელდება. ყველაზე შორს, როგორ გაირკვა, ვირუსი სიმღერის დროს ვრცელდება.

როგორ უნდა დავიცვა თავი და დავიცვა სხვები
1

ხელების ჰიგიენა - დაიბანე ან დაიმუშავე ხელები სპირტიანი სადეზინფექციო ხსნარით ხშირად, ნუ მოიკიდებ დაბინძურებულ ხელს სახეზე

2

ფიზიკური დისტანცირება - მოერიდე ხალხმრავალ ადგილებს, დაიცავი დისტანცია, ნუ მიუახლოვდები სხვა პირებს 2 მეტრზე ახლოს, ნაცნობებს შეხვედრისას მიესალმე გადაკოცნის და ხელის ჩამორთმევის გარეშე

3

რესპირაციული ჰიგიენა - ხველების ან ცემინებისას აიფარე მოხრილი ხელის იდაყვის შიდა ზედაპირი პირზე და ცხვირზე, ან გამოიყენე ერთჯერადი ხელსახოცი, რომელსაც მაშინვე გადააგდებ. თუ გახველებს, გაცემინებს, ან სხვა რესპირაციული ტიპის ჩივილი გაქვს, გაიკეთე ნიღაბი სხვებთან კონტაქტისას.

4

ნიღბის ტარება: გაიკეთე ნიღაბი, როდესაც სხვებთან გიწევს დახურულ სივრცეში ყოფნა

როგორ მოვიქცე, თუ ვფიქრობ, რომ კორონავირუსული ინფექცია მაქვს

თუ ფიქრობ, რომ შეიძლება COVID 19-ით იყო დაავადებული, დაურეკე შენს ოჯახის ექიმს. დაავადების და ეპიდემიოლოგიური ანამნეზის შეკრების შემდეგ ექიმი მოგცემს რჩევას, რომ დარჩე სახლში ან გამოიძახო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ნუ მიხვალ კლინიკაში შენით, საჭიროების შემთხვევაში 112-ის სპეციალურად აღჭურვილი ბრიგადა მოგაკითხავს და გადაგიყვანს ცხელების ცენტრში.

დარჩი სახლში, იყავი უსაფრთხოდ, მოუფრთხილდი ახლობლებს

როგორ ვიმკურნალო სახლში?
  • შეასრულე ექიმის რეკომენდაცია და არ მიმართო თვითმკურნალობას.
  • მიიღე სითხე იმ რაოდენობით, რომ შარდი იყოს ღია ფერის და გამჭირვალე, ადეკვატური ჰიდრატაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.
  • ცხელების და კუნთების ან თავის ტკივილის შემთხვევაში მიიღე პარაცეტამოლი, თუ პარაცეტამოლი არ არის საკმარისი, შესაძლებელაი იბუპროფენის მიღებაც. თუ სიცხის დამწევი ან ტკივილგამაყუჩებელი უფრო ხშირად გჭირდება, ვიდრე დღეში 4-ჯერ, დაუკავშირდი ექიმს
  • დაატენიანე ჰაერი
  • მიირთვი მსუბუქი და ჯანსაღი საკვები.
როგორ დავიცვა ოჯახის წევრები, თუ ავად გავხდი და როგორ მოვუარო ავადმყოფ ოჯახის წევრს?

ჩვენს ქვეყანაში ყველა კოვიდ-ინფიცირებული პაციენტის მკურნალობს სტაციონარში, თუმცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს ბინაზე მკურნალობენ. ჩამოთვლილი წესები სასარგებლოა არა მხოლოდ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების ბინაზე მოვლისათვის, არამედ ნებისმიერი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციის მქონე პაციენტის ბინაზე მოვლისას, რათა ოჯახის წევრები მაქსიმალურად დაცულები იყვნენ ინფიცირებისაგან.

  • შეზღუდე კონტაქტები

სასურველია ავადმყოფობისას იყო იზოლირებულ ოთახში და გქონდეს საკუთარი სააბაზანო ოთახი, რომლითაც სხვები არ ისარგებლებენ, შეზღუდე კონტაქი ოჯახის წევრებთან, სასურველია, მომვლელი არ იყოს მაღალი რისკის ჯგუფიდან. საერთო სივრცეები, სადაც ხვდები ოჯახის წევრებთან ერთად, მუდმივად უნდა განიავდეს, სასურველია ჩართო ფენი ან ვენტილატორი თუ შესაძლებელია, ჰაერის ნაკადი ხელს უშლის ინფექციის შემცველი წვეთების გავრცელებას

  • საკვები მიიღე ცალკე ოთახში ან ცალკე სივრცეში

თუ შესაძლებელია, საკვები მიიღე ცალკე ოთახში, ან სხვებისგან მოშორებით. მიირთვი მსუბუქი და ჯანსაღი საკვები. გქონდეს პერსონალური ჭურჭელი, ან გამოიყენე ერთჯერადი ჭურჭელი. ცალკე გარეცხე შენი ჭურჭელი თბილი წყლით და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით, გამოიყენე ხელთათმანი, რომელსაც დამთავრებისთანავე გაიხდი და გადააგდებ დაიბანე ხელები ხელთათმანების გახსნის შემდეგ და ჭურჭლის დაბინავების შემდეგ

  • გქონდეს გამოყოფილი საკუთარი საყოფაცხოვრებო ნივთები

მოერიდე საყოფაცხოვრებო ნივთების გაზიარებას ოჯახის წევრებთან. არ გამოიყენო საზიარო ტექნიკა, მაგალითად, კომპიუტერი ან ტელევიზორის პულტი, თუ გამოიყენებ, გაწმინდე სპირტიანი ხსნარით. გქონდეს საკუთარი პირსახოცი, ლოგინის თეთრეული და ბალიში, ქაღალდის ხელსახოცები, „პლედი“ და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები

  • როდის არის საჭირო ნიღაბი და ხელთათმანები

თუ ავად ხარ, გაიკეთე მჭირდრო ნიღაბი ყოველთვის, როდესაც ხარ ერთ სივრცეში სხვა ადამიანებთან ერთად, იქნება ეს სახლში, სამედიცინო დაწესებულებაში თუ ქუჩაში
ნიღაბი არ უნდა გაიკეთოს ორ წლამდე ბავშმა, პირმა, რომელსაც უჭირს სუნთქვა ან არ შეუძლია ნიღბის თვითონ მოხსნა.
თუ უვლი დაავადებულ პირს, გაიკეთე ნიღაბი, როდესაც ხარ მასთან ერთ ოთახში, ხშირად დაიბანე ხელები, არ მოიკიდო სხვადასხვა ზედაპირზე შეხების მერე ხელები სახეზე, ხშირად დაასუფთავე და გაუკეთე დეზინფექცია ზედაპირებს.
გამოიყენე ხელთათმანები ყველა ჯერზე, როდესაც ეხები ზედაპირებს, სადაც შეიძლება მოხვედრილიყო დაავადებულის შარდი, განავალი ან სხეულის სხვა გამონაყოფი, როგორიცაა ნერწყვი, ლორწო, ნეღებინები მასა.
დასუფთავება და დეზინფექცია
დაასუფთავე ხშირად შეხებადი ზედაპირები ყოველდღიურად. ეს არის მაგიდის ზედაპირები, ელექტრონიკა, კარების სახელურები და სხვა. წყლით და სარეცხი ხსნარით დასუფთავების შემდეგ გამოიყენე სადეზინფექციო სითხე.
თუ დაავადებული პირი იყენებს ცალკე აბაზანას, დაასუფთავეთ მხოლოდ საჭიროებისას, თუ სააბაზანო ოთახი საერთოა, დასუფთავება უნდა მოხდეს დაავადებული პირის მიერ ყოველი გამოყენების შემდეგ. სასურველია, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა აძლევს საშუალებას, თავად ავადმყოფმა დაასუფთავოს გამოყენების შემდეგ.
სარეცხი
COVID 19 -ით დაავადებული პირის სარეცხი უნდა გაირეცხოს რაც შეიძლება მაღალ ტემპერატურაზე. თუ იყენებ სარეცხ მანქანას და შესაძლებელია მაღალი ტემპერატურის რეჟიმის გამოყენება, არ არის საჭირო დაავადებული და ჯანმრთელი ოჯახის წევრების სარეცხის ცალ-ცალკე გარეცხვა. გააშრე სარეცხი ბოლომდე, თუ შესაძლებელია, მაღალ ტემპერატურაზე. გამოიყენე ხელთათმანი და დაიცავი ხელის ჰიგიენა, დაავადებული პირის ნივთებთან შეხების შემდეგ გაიხადე ხელთათმანი და დაიბანე ხელი.

როდის დავუკავშირდე ექიმს დაუყოვნებლივ?

დააკვირდი შენს თავს და დაუყოვნებლივ დაუკავშირდი ექიმს თუ:

  • გიჭირს სუნთქვა
  • გაქვს გულ-მკერდის არეში ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება
  • სულ გეძინება და გიჭირს შეფხიზლება
  • არეული გაქვს გონება
  • გაგილურჯდა ტუჩები ან სახე

გარდა ამისა, დაურეკე ექიმს, თუ ატყობ, რომ მდგომარეობა გაგიუარესდა, ვეღარ აკეთებ ისეთ აქტივობას, რაც გუშინ ადვილად გასაკეთებელი იყო, მაგალითად, ვერ მიდიხარ აბაზანამდე დაღლის გარეშე, დაგეწყო ქოშინი/სუნთქვის უკმარისობა ჩვეულ ფიზიკურ აქტივობაზე ან გაგიუარესდა ქოშინი, საუბრისას გიჭირს წინადადების დამთავრება სუნთქვის უკმარისობის გამო, გაქვს ძალიან მაღალი ცხელება.

ხშირად დასმული კითხვები