REDMED-ის სტატიები
თვალს ვახელ.
კედელზე ჩამოკიდებული საათი ჩვეულზე უფრო ხმამაღლა აწიკწიკებს თავის წყეულ წამების ისარს. 3-ს უკლია წუთები. შუადღეა. მხოლოდ საათის შეხედვით ვხვდები, რომ დაახლოებით საათნახევარი მეძინა. ბოლო 10 დღეა ჩემი ცირკადული რითმი სრულიად მოიშალა - ან არ მძინავს, ან უშედეგოდ ვცდილობ რომ დავიძინო.
თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია - ღამისთევას ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე შეჩვეული ვარ. ქირურგიაში მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილება ერთი რამ კარგად მასწავლა - ყველა შესაძლო მომენტში უნდა დაიძინო, რადგანაც წინასწარ არ იცი, როგორი მორიგეობა გექნება. მეც შემეძლო ნებისმიერ მომენტში ჩამძინებოდა, თვალის დახუჭვიდან 5 წუთში. ახლა კი უკვე მეათე დღეა ვერ ვიძინებ. უფრო სწორად, ვერ ვხვდები, როდის მძინავს. ჩემს აღქმაში უბრალოდ ვთვლემ, მაგრამ ძილი არ მოდის.
მუდმივად დაღლილი ვარ. საქმის კეთების ძალა არ მაქვს. უმცირესი მოტივაციაც კი არ მაქვს, რომ რაიმე ღირებული გავაკეთო, ამიტომაც დაუსრულებლად ვსქროლავ ნიუსფიდს. შუალედებში ზედიზედ ვუყურებ სერიალს. 4 სეზონი ამოვწურე 3 დღეში. სარკეში ჩაწითლებული თვალების შემხდვარე იმაზე ვფიქრობ, წვეთები ხომ არ ამოვიტანო აფთიაქიდან. სახლიდან გასვლის თავი არ მაქვს.
შხაპს ვიღებ. ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ ცოტა ჩამთვლიმა და წავბორძიკდი. ვჯდები და დახუჭულ თვალებს მუხლებს ვაჭერ. ისეთი სცენაა, ფილმის მთავარი გმირი რომ პირველად მოკლავს ვინმეს და შხაპის ქვეშ რომ აქვს „ბრეიქდაუნი“. ტელეფონი მაინც შემომეტანა, ეგებ რამე შესაბამისი მუსიკა ჩაერთო ალგორითმს.
დასაწერი სტატიების განრიგს ჩამოვრჩი. თითოეული ჩემი ნამუშევრის უკან მინიმუმ 10 წაკითხული სამეცნიერო ნაშრომია და მე კი რაიმეს წასაკითხად კონცენტრაციას ვერ ვიკრებ. ვცდილობ რაიმეს თარგმნა ვაიძულო საკუთარ თავს, ეგებ ამან მიშველოს - უშედეგოდ. 6 საათი დავჭირდი 100 სიტყვის დაწერას.
მადას არ ვუჩივოდი, მაგრამ ახლა ჭამის სურვილი არ მიჩნდება. ძალით ვყლაპავ ლუკმებს. მინდა რომ ყავა და ჩაი არ დავლიო, მაგრამ არ გამომდის. თუ მაინც მღვიძავს, ეგებ დაწმენდილი გონება მქონდეს, რომ რამე გავაკეთო. საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ მანკიერი წრე იკვრება - კოფეინს ვიღებ რომ ცოტა მოვფხიზლდე და ენერგიაზე მოვიდე, მაგრამ ეს კოფეინი საბოლოოდ ჩაძინებაში მიშლის ხელს, რის გამოც კიდევ კოფეინის სმა მიწევს. ჯერ ვერ გავარღვიე ეს ჩაკეტილი წრე.
ვიცი რაც მაწუხებს. ბოლო რამდენიმე წელია შემოდგომა-ზამთრის გასაყარზე სულ ასე ვარ, ოღონდ უფრო მსუბუქი ფორმით. ძილის პრობლემა აქამდე არ შემქმნია და ეს ამ სეზონზე ახალია. ბოლო პერიოდის სტრესის ბრალი უნდა იყოს.
სეზონურ აფექტურ აშლილობას (SAD) ჩვენში მარტივად სეზონურ დეპრესიას უწოდებენ. იგი დიდი დეპრესიული აშლილობის ქვეტიპად განიხილება, თუმცა ფსიქიატრთა ნაწილის არგუმენტირებით, ეს დამოუკიდებელი დაავადებაა. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ SAD ზამთრის დადგომის თანმდევად დღის სინათლის შემცირებით გამოწვეული ცირკადული რიტმის ცვლილების ბრალი იყოს.
დაავადების სიმპტომები მჭიდრო კავშირშია გუნება-განწყობასთან: უმეტესად გამოხატულია დეპრესია, უიმედობა, კონცენტრაციის უუნარობა, კვების დარღვევა და მადის ცვლილება (შესაძლოა ადამიანს მუდმივად ჭამა უნდოდეს და წონაში მოიმატოს, ან პირიქით უმადობისა და კვების შემცირების ხარჯზე გახდეს), დარღვეულია ძილი (შესაძლოა გამოხატული იყოს ძლიერი ძილიანობა ან პირიქით - უძილობა). SAD-ის დიაგნოზის დასასმელად 2 წლიანი ანამნეზია საჭირო - მსგავსი სიმპტომები 2 სეზონის მანძილზე, თითქმის იდენტურ დროის პერიოდში უნდა გამეორდეს. მკურნალობის სქემაც რამდენადმე განსხვავებულია - პაციენტებს ანტიდეპრესანტებთან ერთად სინათლის თერაპია ენიშნებათ. დღის სინათლე უშუალო გავლენას ახდენს ორგანიზმში სეროტონინის წარმოქმნაზე და მის დეფიციტს დეპრესიული განწყობის შექმნა შეუძლია. ამიტომ, SAD-ის დროს დღის განათების იმიტაციას ხელოვნურად, სახლის პირობებში ვქმნით. ამგვარად, ზამთრის მოკლე, ნაკლებად მზიანი დღეების დეფიციტს ასეთი ფორმით ვინაზღაურებთ.
ჩემი უახლოესი მეგობარი, ფსიქიატრია. საკუთარ ამბავს ვუყვები, ოღონდ მხოლოდ უძილობაზე ვამახვილებ ყურადღებას და ვთხოვ, შესაბამისი საძილე აბები მირჩიოს. რადგანაც მანამდეც ვისაუბრეთ და თვითონაც ძალიან კარგად მიცნობს და ორ წამალს მეუბნება - ერთს საძილეს და ერთს ანტიდეპრესანტს, რომელსაც თანამდევი ინსომნიის სამკურნალოდ იყენებენ.
წამლის ანოტაცია ონლაინ მოვიძიე და გულდასმით წავიკითხე. შესაძლო გვერდითი ეფექტები და სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების თავისებურებანი მივინიშნე. მეზობლად მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში დავრეკე და დავაზუსტე, რა დასახელებით ჰქონდათ ეს მედიკამენტი. გულის სიღრმეში მაინც ერთი აზრი მიტრიალებს: იქნებ უბრალოდ საძილე მედიკამენტის დალევით გამოვძვრე?
ერთ-ერთი ყველაზე რთული ანტიდეპრესანტის ყიდვისას იმის გააზრებაა, რომ დეპრესია გაქვს. არა, ამას შესაძლოა შესანიშნავად იაზრებდე, მაგრამ საკუთარ თავთან ამის აღიარებაა რთული. იმისთვის, რომ „ნორმალური“, ჯანმრთელი ადამიანივით იფუნქციონირო, შენს ორგანიზმს დამატებით ტაბლეტების სმა სჭირდება. თან საქმე უბრალო მედიკამენტს არ ეხება - მკურნალობის კურსი გაცილებით ხანგრძლივია და ეფექტსაც მოგვიანებით ნახავ. შესაძლოა უკეთ გახდომაზე ფიქრი დროში გაიწელოს და საკუთარ თავს სულ უფორ ხშირად უმეორო ეს ჩუმად ნერვების მჯიჯგნავი კითხვა: იქნებ მედიკამენტი არ მუშაობს?
მე თვითონ ბევრჯერ მისაუბრია სხვასთან დეპრესიაზე სხვასთან. საზოგადოებაში ფსიქიატრიის ირგვლივ არსებული სტიგმა ბოლო პერიოდში მოლღვა და ყინულიც ნელ-ნელა დაიძრა - ფსიქიატრთან ვიზიტის შესახებ ხმამაღლა საუბარს უხშირეს ადამიანებმა.
ყველაზე ხშირად თანამოსაუბრისთვის იმის ახსნა მიწევს რომ დეპრესია სულაც არ ნიშნავს, რომ სუსტი ადამიანი ხარ, ან ცხოვრებასთან დამარცხდი. ეს უბრალოდ დაავადებაა, რომელიც შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გემართება და რომელსაც მკურნალობა სჭირდება. აი, პნევმონია (იგივე „ფილტვების ანთება“) რომ დაგემართოს, ამის თქმის და აღიარების ხომ არ შეგრცხვება? დამოუკიდებლად ამას ხომ ვერ უმკურნალებ? სრულიად ლოგიკური და აუცილებელი ნაბიჯი ექიმთან ვიზიტია.
მკურნალობას რაც შეეხება, ამისთვის მარტივ ანალოგიას ვიშველიებ: დეპრესიის მკურნალობა მარათონია და არა სპრინტი. აქ სასურველი შედეგის მიღება რამდენიმე კვირა, ზოგჯერ კი თვეები სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თავს გაცილებით უკეთ გრძნობდეთ, მკურნალობის ხანგრძლივი კურსი მაინც ბოლომდე, სპეციფიურად არის მისაყვანი - მოულოდნელად შეწყვეტილ მკურნალობას მძიმე გართულებები შეიძლება მოყვეს.
ეს ყველაფერი მე ძალიან კარგად ვიცი. დღე არ გავა, რომ დეპრესიაზე რაღაც ახალი არ წავითხო და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც: აფთიაქში ანტიდეპრესანტის საყიდლად შესვლა ძალიან გამიჭირდა.
შინდისფერ კოლოფს ვხსნი და ტაბლეტებს ვათვალიერებ. ოვალური, ამობურცული აბის შუაში გავლებული ხაზი დოზას ორად ყოფს. მაგიდაზე ვდებ და თითით ზემოდან ვაწვები. ადვილად იყოფა თურმე შუაზე. შემდეგი 3 თვე ამის გაკეთება დღეგამოშვებით მომიწევს. მთავარია არ დამავიწყდეს. მობილურში აპლიკაცია ჩავიწერე, რომელიც ყოველდღიურად ჩემს მაგივრად გაიხსენებს წამლის დალევის დროს.
საბანში გახვეული ნახევარ აბს უწყლოდ ვსვამ და თვალებს ვხუჭავ. ვიცი, რომ მომენტალურად არ დაიწყებს მოქმედებას, მაგრამ ვცდილობ მივეხმარო.
ცოტა ხანში ვგრძნობ, რომ ქუთუთოები დამიმძიმდა - წამწამებზე თითქოს რაღაც მექაჩება და თვალის გახელაში მიშლის ხელს. მღვიძავს, მაგრამ მთლად მღვიძარე ნამდვილად არ მეთქმის. სადღაც ჩაძინების ზღვარზე ვარ გაჭედილი.
სველ ასფალტს მზე აცხუნებს და მანქანის ზეთის ფერად ლაქაში ირეკლება. ირგვლივ ნისლია და მის მიღმა სწრაფი მდინარის ხმა ჩემამდე აღწევს. ნაცნობი სახლისკენ ფეხით ვაგრძელებ გზას. სახლში შესულს ბებია მეკითხება, ხომ არ დავსველდი. არათქო ვპასუხობ და საწვიმარს სკამის ზურგზე ვკიდებ, ხოლო სკამს - ღუმელთან ახლოს. სვანური ღუმელის კარში მოგიზგიზე ნაკვერჩალი ჩანს და ეს საუცხოო სითბო სრულად ავსებს მთელ ოთახს. ქურთუკს ორთქლი ასდის და მასზე თვალგაშტერებული ვიაზრებ, რომ ბებიაჩემი 10 წელზე მეტია რაც გარდაიცვალა.
ვხვდები, რომ მძინავს.
პირველად მოხდა, რომ ამის გააზრებისთანავე არ გამომღვიძებია. თვალებით კედელზე ნაცნობ ადგილს ვეძებ, სადაც საათი ჰკიდია. ისრები მოუხსნია ვიღაცას. ახლა უკვე დარწმუნებით ვიცი, რომ მძინავს. 10 წელზე მეტია ბებია არ დამსიზმრებია.
- როგორ ხარ, ნონია?
პირველი 10 დღის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ფერად, საინტერესო და ბევრ სიზმარს ვნახულობდი. განცდა მქონდა, რომ თითოეული დაძინებისას ძალიან საინტერესო სერიალის მთლიან სეზონს ვნახულობდი. გაუღვიძებლად მეძინა მინიმუმ 8 საათი. ვიღვიძებდი სრულად დასვენებული და ენერგიული. ფსიქიატრთან ვიზიტებმა მოსალოდნელი შედეგი გამოიღო - ბოლო 1 თვის მანძილზე პირველად ვიგრძენი სრული შინაგანი სიმშვიდე.
ცირკადული რითმი მომიწესრიგდა: ღამე მძინავს და დღე ვსაქმიანობ. ვსეირნობ ეზოში და ვიღებ მზის აბაზებს. თვალსა და ხელს შუა ვგრძნობ ენერგიის მომატებას. ვკითულობ ლაღად და კონცენტრაციის სრული მოკრებით. წერაც განვაახლე. განცდა მაქვს, რომ ყოველი მომდევნო დღე წინაზე უკეთესია. ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველად ჩემს გონებაში გაიჟღერა სიტყვამ „ოპტიმიზმი“.
ხანგრძლივი მკურნალობის მარათონში პირველი, ყველაზე მძიმე ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
ავტორი : დიმიტრი ლიპარტელიანი
-იქით გაიხედე, რეიმონდ. აქეთ კი არა, იქით. „ Eighteen Wheels and A Dozen Roses”. რა ნომერია?
-E-5.
-„Cheating Heart“, ჰენკ უილიამსი.
-„Your Cheating Heart.“რა თქმა უნდა, ეს ჰენკ უილიამს უმცროსია.D-1, D-1.
-„Blue Moon of Kentucky“,ბილ მონრო.
-და მისიТhe Bluegrass Boys. K-5
გზისპირა სასაუზმეში, ფანჯარასთან მოკალათებული ჩარლი ბაბიტის გონებაში ამ მომენტში ტიტანური მასშტაბის გარდატეხა ხდება. ფირსაკრავებიანი მუსიკალური აპარატის სრული პროგრამა მისმა ძმამ, რეიმონდმა, სულ რამდენიმე წუთში ზეპირად ისწავლა. ძმის გასაოცარად მოწყობილი ტვინის დახმარებით, ჩარლის შეუძლია კაზინოში დიდი ფული მოიგოს…
ეს საკვანძო სცენა ბარი ლევინსონის 1988 წელს გადაღებულოსკაროსან ფილმში, „წვიმის კაცი“, ტომ კრუზსა და დასტინ ჰოფმანს შორის თამაშდება. სწორედ ეს დიალოგი დაუდებს საფუძველს აუტიზმის შესახებ მითს, რაც წლების განმავლობაში გაჰყვება ამ ქოლგა-ტერმინს. დასტინ ჰოფმანის განსახიერებული პერსონაჟი, რეიმონდი, ხომ სწორედ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანია.
ექიმ ლეო კენერს 5 წლის ბიჭის მამა სწერდა. წერილი რთულად ეთქმოდა იმ საკმაოდ სქელტანიან ნაშრომს, რომელშიც წარმოშობით ავსტრიელი ექიმი მისთვის ჯერ უცნობ ბიჭუნაზე, დონალდზე კითხულობდა. მამას დეტალურად, ლამის ობსესიურად ჰქონდა აღწერილი ვაჟიშვილის ყოველდღიური ქცევები: „იგი ბედნიერია, როცა მარტოა... თითქოს საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი... საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, თუ რა ხდება მის იგვლივ“.
5 წლის მოუსვენარ ბიჭუნასთან შეხვედრამ ექიმი მიახვედრა, რომ მას ნამდვილად არაჩვეულებრივ ბავშვთან ჰქონდა შეხება.მომდევნო წლებში, დონალდის გარდა, მსგავსი სიმპტომებით ლეო კენერმა კიდევ 10 ბავშვი გამოიკვლია. მათ შესახებ აშშ-ში მოღვაწე ექიმი 1943 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, „ემოციური კონტაქტის აუტისტური დარღვევები“ დაწერს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მედიცინაში აუტიზმის ცნება გაჩნდება.
წლებთან ერთად, კვლევის არეალის გაფართოების პარალელურად, აუტიზმის დეფინიციაც იცვლებოდა. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ლეო კენერის სტატიიდან 1 წელში მისმა თანამემამულემ და კოლეგამ, ჰანს ასპერგერმა აღწერა მდგომარეობა, რომელსაც ასევე „აუტისტური“ უწოდა.თუმცა, მიუხედავად მსგავსებისა, არსებითი განსხვავება მაინც თვალშისაცემი იყო.
კლასიკური აუტიზმის დიაგნოზი უკვე კლინიკურ იშვიათობას წარმოადგენს და მას იმ შემთხვევაში იყენებენ, როდესაც პაციენტსსოციალური ინტეგრაციისა და კომუნიკაციისათვის საჭირო ქცევების სრული მოშლა აღენიშნება. ასეთ დროს შესაძლოა გამოხატული იყოს შედარებით ვიწრო ინტერესის სფეროები და გამოხატული იყოს განმეორებითი, რიტუალური ქცევები. ეს ნიშნები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულ მშობელთა 20% პირველი 2 წლის მანძილზე ბავშვის ნორმალურ განვითარებას აღნიშნავს.
რადგანაც თითოეული ინდივიდი უნიკალურია, განსხვავებულია ამგვარი ნიშნების გამოვლენის სიმძაფრეც. შესაბამისად, მათი მკაცრად, ერთი ჩარჩო-დიაგნოზის ქვეშ მოქცევა გამართლებული არ იქნება. სწორედ ამიტომაც, ამობენ, რომ აუტიზმი სპექტრული ხასიათის დარღვევაა და იგი როგორც ქოლგა-ტერმინი თავისი საფარველის ქვეშ მოიაზრებს სიმპტომთა მრავალფეროვან გამოხატულებებს -როგორც მწვავეს, ასევე ძალზედ მსუბუქს.
ამგვარი მრავალფეროვნების წყალობით, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ადამიანების შესახებ ბევრი მითია გავრცელებული. ამის მიზეზი უპირველესად საზოგადოების მცირე განსწავლულობა გახლავთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში აუტიზმის ხილვადობა იზრდება. სპეციალისტთა მიზანმიმართული მუშაობა ხელს უწყობს ასეთი ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას, რაც მათ პოტენციალის სრულ ან თუნდაც ნაწილობრივ რეალიზაციაში ძალიან ეხმარებათ.
აქ შემოგთავაზებთ აუტიზმის შესახებ ყველაზე გავრცელებულ 7 მითს და რეალურ სამეცნიერო ფაქტებს ამ მცდარი შეხედულებების მიღმა.
მითი#1 - ტყუილია, თითქოს ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს.
ყველაზე დიდი და ამასთანავე ჯანმრთელობისთვის საშიში სწორედ ეს მითია, რომელიც საფუძველს 1998 წლიდან იღებს. მედიცინის ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე სამარცხვინო, გაყალბებულმა კვლევამ ბიძგი მისცა ანტივაქსერულ მოძრაობას, რამაც ხელი შეუწყო თითქმის სრულად აღკვეთილი ბავშვთა ვირუსული ინფექციების ხელახალ აფეთქებებს და ამასთანავე დიდი ზიანი მიაყენა აუტისტური სპექტრის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას. ერთ-ერთი ბოლო ფართომასშტაბიანი კვლევა ამ საკითხზე წელს, ჟურნალში Annals of Internal Medicine, გამოქვეყნდა. მონუმენტურ ნაშრომში გაანალიზებული იყო 1999-2010 წლების შუალედში დაბადებული 657 461 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიღებულმა დასკვნამ კიდევ ერთხელ განამტკიცა აქამდე არსებული ფაქტობრივი მტკიცებულება - ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს!
2019 წლის ივლისში აუტისტური სპექტრის აშლილობების გამომწვევი მიზეზების მკვლევართა გუნდმა მრავალწლიანი შრომის შედეგები გამოაქვეყნა. მეცნიერთა ჯგუფმა 5 ქვეყნიდან შეაგროვა მონაცემები და ჯამში 2 001 631 ბავშვის სამედიცინო ისტორია შეისწავლა. მათგან მხოლოდ 22 156 ინდივიდს ჰქონდა კლინიკურად დადასტურებული აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი.
ამ საკვანძო კვლევით ნათელი გახდა, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობების მთავარი რისკ-ფაქტორი გენეტიკური ხასიათისაა (81,2%), ხოლო ზოგადი გარემო ფაქტორების როლი კი მინიმალურია (0,3%).
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რომელი გენები წარმოადგენენ აუტისტური სპექტრის აშლილობის რისკს. ასევე დასაზუსტებელია ის პოტენციური გარემო ფაქტორები, რომლებიც დამოუკიდებლად ან გენებთან კომბინაციაში ზრდიან მისი განვითარების ალბათობას.
მითი#3 - ტყუილია, თითქოს აუტისტური სპექტრის დაღვევები ადრე არ არსებობდა და მისმა რიცხვმა ბოლო პერიოდში იმატა.
რა თქმა უნდა, აუტისტური სპექტრის აშლილობა აქამდეც არსობობდა, უბრალოდ ჩვენ მათი შემჩნევა და გამოვლენა ასეთი სიზუსტით არ შეგვეძლო. აშლილობის დიაგნოსტირების სირთულეს შესაბამისი ქცევების ინტერპრეტირების სიძნელე წარმოადგენს, რაც ზოგჯერ გამოცდილ სპეციალისტებსაც კი უჭირთ. ამის სადემონსტრაციოდ ის ფაქტიც გამოდგება, რომ „აუტისტური სპექტრის“ ცნება მედიცინაში მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს, ბრიტანელი ფსიქიატრის, ლორნავინგის დაუღალავი ბრძოლის შედეგადშემოვიდა. იგი, როგორც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინვალიდი გოგონას დედა, წლები იბრძოდა საკუთარი შვილის დიაგნოზის დასამტკიცებლად, რადგანაც მისი სიმპტომატიკა ლეო კენერისეულ კლასიფიკაციაში არ ჯდებოდა. მისი დამსახურებაა ასევე ასპერგერის სინდრომისდაავადებათა ნუსხაში მოხვედრაც.
ავსტრიელი მეცნიერი თავის შვილობილ დაავადებას რკინის კლანჭებით იცავდა და საკუთარი შეფასების კრიტერიუმების გადახედვას კატეგორიულად გამორიცხავდა. ერთხელ მან დაიტრაბახა კიდეც, რომ მასთან დიაგნოსტირებაზე მოსული 10 ბავშვიდან, 9-ს უკანვე აბრუნებდა, რადგანაც ისინი მის მკაცრად დავიწროებულ კრიტერიუმებში ვერ ხვდებოდნენ.
1980-იან წლებში დიაგნოსტირების კრიტერიუმების დრამატულმა შეცვლამ ნათელი მოჰფინა აქამდე ჩრდილში მყოფ აშლილობებს, რომელთაც ექიმები შეცდომით არასწორად აკლასიფიცირებდნენ.
აუტისტური სპექტრის აშლილობის ხილვადობა პირდაპირ არის დამოკიდებული ექიმთან მიმართვიანობაზე. ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ მხოლოდ 2006 წელს გასცა რეკომენდაცია პედიატრებისთვის პაციენტების რუტინულ შემოწმებაზე აუტისტური სპექტრის აშლილობების ადრეული დიაგნოსტირებისათვის.
მოკლედ რომ ვთქვათ: სამეცნიერო პროგრესმა და საზოგადოების მაღალმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა უფრო მკაფიოდ და ფართოდ დაგვენახა არსებული რეალობა.
მითი#4 - ტყუილია, თითქოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები შეხებას ვერ იტანენ და სხვებს თვალებში ვერ უყურებენ.
ეს შეხედულება დამახინჯებული და გენერალიზირებულია. როგორც უკვე მრავაგზის გავიმეორეთ, თითოეული ინდვიდისათვისაუტისტური სპექტრის აშლილობა განსხვავებული კლინიკური ნიშნებით გამოვლინდება. ზოგიერთი მათგანი მართლაც ვერ იტანს ფიზიკურ კონტაქტს და გაურბის თვალებში შეხედვას, თუმცა ამგვარი წარმოდგენის გენერალიზება არასწორია და იგი სტიგმატიზაციას უწყობს ხელს.
მითი#5 - ტყუილია, თითქოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები უემოციოები არიან.
აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანთა ნაწილს შეიძლება ალექსითიმია აღენიშნებოდეს. ეს ნიშნავს, რომ მათ უჭირთ ზედმიწევნით ზუსტად გაიაზრონ ის ემოცია, რაც მათ ან სხვა ინდივიდს კონკრეტულ მომენტში გააჩნია. შედარებისათვის, თქვენ შეიძლება სრულიად უცხო სიტყვა წაიკითხოთ, თუმცა მისი მნიშვნელობა ვერ გაიგოთ. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კითხვა არ შეგიძლიათ?
აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები განიცდიან და გამოხატავენ საკუთარ ემოციებს, ოღონდ შესაძლოა ეს იმგვარად იყოს ქცევაში გამოხატული, რომ ჩვენ მისი აღქმა გაგვიჭირდეს. ასეთ დროს ძალზე მნიშვნელოვანია, ვეცადოთ მაქსიმალურად გავიაზროთ ის სირთულეები, რასაც სპექტრის მქონე ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.
აუტიზმი ხშირად არის ამგვარი სტერეოტიპული შეხედულებებით დაკავშირებული ემოციურ სირთულეებთან, რის გენერალიზაციასაც ზოგჯერ საზოგადოება ახდენს. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარ შეხედულებებს ძალზედ უმნიშვნელო სამეცნიერო საფუძველი გააჩნია.
მითი#6- ტყუილია, თითქოს აუტისტური სპექტრის მქონე ყველა ადამიანი განსაკუთრებით ნიჭიერია.
„წვიმის კაცის ეფექტი“- ასე უწოდებენ ახლა იმ შედეგებს, რაც 31 წლის წინ ფილმის პრემიერას მოჰყვა. მანამდე არ არსებობდა მხატვრული ნამუშევარი, რომელიც ოდნავ მაინც აღწერდა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანის ყოფას. დასტინ ჰოფმანის განსახიერებულმა რეიმონდ ბაბიტმა ხორცი შეასხა აუტიზმის აბსტრაქტულ ცნებას და იგი ხელშესახები გახადა. ხილვადობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ის თანაგანცდა, რასაც სურათი მაყურებელში აღძრავდა - შეუძლებელია ფილმს უემოციოდ ვინმე დაეტოვებინა. ეს ყოველივე კინოაკადემიის გადაწყვეტილებაზეც აისახა - ბარი ლევინსონის ნამუშევარს 4 „ოსკარი“ გადაეცა.
თუმცა მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარეც. ფილმმა საზოგადოებაში გააჩინა მითი, თითქოს აუტისტური სპექტრის მქონე ყველა ადამიანი განსაკუთრებით ნიჭიერია. რა თქმა უნდა, აღწერილია შემთხვევები, როდესაც ერთეულ ინდივიდებს ნამდვილად აქვთ არაორდინალური უნარ-ჩვევები, მაგრამ ამ ყოველივეს გენერალიზება არასწორია. ამგვარმა დამოკიდებულებამ და წინასწარგანწყობამ შესაძლოა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანზე ერთგვარი ზეწოლა გამოიწვიოს.
ამიტომაც, ბევრი მიიჩნევს, რომ მხატვრულმა ფილმმა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების ერთგვარი კარიკატურა შექმნა. ამჟამად ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად ეკრანზე უფრო რეალისტური პერსონაჟები ჩნდებიან და „წვიმის კაცის ეფექტიც“ ეტაპობრივად სუსტდება.
მითი#7- ტყუილია, თითქოს აუტიზმი მხოლოდ ბავშვთა ასაკში გვხდება და იგი ასაკის მატებასთან ერთად იკურნება.
აუტისტური სპექტრი ადამიანს ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება. ხანგრძლივმა მუშაობამ შესაძლოა შეცვალოს მისი ქცევები და ასწავლოს მათი კონტროლი, თუმცა ეს განკურნებას ნამდვილად არ ნიშნავს. ამ სტერეოტიპის წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი დახვეწილი დიაგნოსტირებაა, რამაც ზოგიერთ ინდივიდს აუტიზმის დიაგნოზი შეუცვალა. შესაბამისად, ეს ყოველივე ზოგიერთმა ისე აღიქვა, თითქოს ამ ადამიანებმა აუტიზმი ბავშვობაში „მოიხადეს“. ამგვარი მიდგომა ძალზედ საზიანოა, რადგანაც შესაძლოა მშობლებმა დროულად არ მიმართონ ექიმს და დაელოდონ აუტისტური სპექტრის აშლილობის თავისით, ასაკის მატებასთან ერთად განკურნებას. ამ მითის გაქარწყლება ასევე ეხმარება სპექტრის მქონე ადამიანებს, მიიღონ საკუთარი თავი ისეთებად, როგორებიც არიან.
1938 წელს ჰანს ასპერგერი ლექციათა კურსს კითხულობდა. ავსტრიელი ექიმი გასაოცარ ბავშვებს აღწერდა, რომელთაც „გაფანტული გონების მქონე პროფესორებს“ უწოდებდა. მის მიერ მოთხრობილი ისტორიებში პატარები ძალზედ დაინტერესებულნი იყვნენ სისტემათა მოწყობასა და კონკრეტული საკითხების სიღრმისეულ შესაწავლაში. ასეთი ვიწრო ინტერესების მიღმა, მათ სოციალური კავშირების გაგება და მათი გაბმა ძალზე უჭირდათ. ეს ყველაფერი კი ქალაქ ვენაში ხდებოდა, ლეო კენერის სახლიდან 4 000 მილის დაშორებით, „აუტიზმის“ ცნების გაჩენამდე 5 წლით ადრე.
სუსტი, გამხდარი მამაკაცი რბილი ხმით ყოვლად წარმოუდგენელ და გროტესკულ სამეცნიერო ზღაპარს ყვებოდა, რაც შეუძლებელია სიმართლე ყოფილიყო – Crispr გენური რედაქტირების მანიპულაციით მან ორი ემბრიონის გენეტიკური სტრუქტურა იმგვარად შეცვალა, რომ მათ შემდგომში აივ-ინფექცია აღარ დაემართებოდათ. მეტიც, კაცობრიობის ისტორიაში პირველი გენმოდიფიცირებული ბავშვები უკვე დაიბადნენ და ისინი თავს ჯერ-ჯერობით ჯანმრთელად გრძნობდნენ.
ნიუსფიდში გავრცელებული მოკლე ვიდეოს კვალდაკვალ მცირე კომენტარის წაკითხვის შემდგომ ჩავთვალე, რომ ეს მორიგი სამეცნიერო ფეიკ-ნიუსი იყო და სქროლვა განვაგრძე. რამდენიმე წუთში სამეცნიერო სიახლეების ყველა ნაკადში თითქოს დიდი აფეთქება მოხდა: ტვიტერზე ავტორიტეტული გამოცემები ერთმანეთის მიყოლებით წერდნენ ჩინეთში ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ, პარალელურადად მეილზე ნიუს-ლეთერებმა „Breaking News” სათაურით დაიწყო მოსვლა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ძალზე საშიში და რაღაც ძირეულად გარდამტეხი მოვლენის მოწმე გავხდი – შემდგომი დღეები Crispr გენური რედაქტირების მომავალს გადაწყვეტდა.
იმისთვის რომ წარმოდგენა შეგექმნათ, თუ რა არის გენური ინჟინერია, მარტივი ანალოგია დაგეხმარებათ: გენომი ადამიანის ორგანიზმის ასაწყობ ინსტრუქციას ჰგავს, რომელიც დნმ-ის ენაზეა დაწერილი. სწორედ ეს უკანსკნელი განსაზღვრავს თუ რა სიმაღლის ვიქნებით, რა ფერის თვალები თუ თმა გვექნება და ა.შ.
Crispr ერთგვარი მოლეკულური მაკრატელია, რომელიც გენომის სპეციფიკურ უბნებში შეგვიძლია მივმართოთ და მისი დახმარებით დნმ-ს ნაწილები შემდგომი რედაქტირების მიზნით მოვკვეთოთ.
Crispr 1987 წელს იაპონელმა მეცნიერებმა ბაქტერიაში აღმოაჩინეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს უკანასკნელი მისი თავდაცვითი მექანიზმი გახდათ: ვირუსული თავდასხმისას ბაქტერია სპეციფიკურ ფერმენტებს გამოიმუშავებდა, რომელიც ვირუსულ გენომს „ჭრიდა“ და მას საკუთარ დნმ-ში „აკერებდა“. ეს ყოველივე მას შემდგომი დაინფიცირებისგან იცავდა.
გენის რედაქტირების ეს იდეა ძალზე მომხიბლელად ეჩვენათ მკვლევარებს და მისი გამოყენებით მაკროსკოპული მასშტაბის პრობლემებს შეეჭიდნენ. კერძოდ: კოღო ანოფელესის გენური რედაქტირებით მალარიის გავრცელებისგან თავდაცვა, პომიდვრების საგემოვნო თვისებების გაზრდა, გარემო-ფაქტორებისადმი უფრო გამძლე სოკოს სახეობების გამოყვანა, ადამიანის გენეტიკური დაავადებების ნოვატორული მკურნალობის მეთოდების ცხოველურ მოდელებზე გამოცდა და ა.შ. ერთ-ერთი დიდი მისია, რაც Crispr-ს ბოლო პერიოდში დაეკისრა ახალი თაობის, უფრო ეფექტიანი ანტიოტიკების შექმნა გახლავთ.
1928 წლის 3 სექტემებერს, უქმეებიდან ლაბორატორიაში დაბრუნებულმა ალექსანდერ ფლემინგმა შეამჩნია, რომ სტაფილოკების პეტრის ფინჯანი თავღია დარჩენოდა, რის გამოც ეს უკანასკნელი სოკო Penicillium notatum-ს სრულად გაენადგურებინა. საკუთარი დაუდევრობის შემწეობით ფლემინგი მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი აღმოჩენის ავტორი გახდა, რამაც შემდგომში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ხოლო ბრიტანელ მეცნიერს კი ნობელის პრემია მოუტანა. იგი ასევე პირველი გახლდათ, ვინც შენიშნა, რომ ანტიბიოტიკების მცირე დოზით ან ხანმოკლე დროით მკურნალობის შემდგომ ბაქტერია მის მიმართ უფრო გამძლე ანუ რეზისტენტული ხდებოდა.
ალექსანდერ ფლემინგის პერიოდის მედიცინისათვის ეს მომავლის თავის ტკივილი უფრო იყო, ვიდრე მათ წინაშე არსებული გამოწვევა. ამდენი წლის შემდგომ კი უკვე ეს ავბედითი შავი დღეც დადგა: ყოველდღიურად აშშ-ში ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციით ყოველ 15 წუთში 1 ადამიანი კვდება. ამ პრობლემის მოგვარებას მეცნიერები უკვე გენური რედაქტირების გზით ცდილობენ.
“Crispr ანტიმიკრობული თერაპიის შემდგომი ნაბიჯია“ – აღნიშნავს ბიოლოგი დევიდ ედჯელი, რომელმაც კოლეგებთან ერთად გენური რედაქტირება სალმონელას ბაქტერიების დასამარცხებლად გამოიყენა. მეცნიერებმა თავიანთი კვლევის შედეგები ჟურნალში Nature Communications გამოაქვეყნეს.მკვლევართა ჯგუფმა მუშაობა კონიუგირებული პლაზმიდებით დაიწყო – ეს გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი მცირე პაკეტია, რომელსაც გამრავლება დამოუკიდებლად შეუძლია და იგი ერთი ბაქტერიიდან მეორეს გადაეცემა. პლაზმიდებში მეცნიერებმა Crispr-ის ფერმენტებისთვის კოდირებული ინსტრუქცია ჩაამატეს, რომლის სამიზნეც სალმონელას დნმ გახლდათ. ამგვარი მოდიფიცირების შემდგომ, პლაზმიდები ნაწლავის ჩხირში გადაიტანეს. ეს უკანასკნელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკრობიომის შემადგენელი ნაწილია და ჩვენ მას „სასარგებლო ბაქტერიებს“ ვუწოდებთ. თუ ორგანიზმში სალმონელას გამომწვევი მოხვდება (მაგ. გაურეცხავი სალათის ფოთლების შეჭმის შედეგად), ნაწლავის ჩხირში ჩასაფრებული პლაზმიდები სამიზნე ბაქტერიას შეუტევენ და მის დნმ-ს სასიკვდილოდ დააზიანებენ.
ეს თეორიული დაშვება პრაქტიკაში, ლაბორატორიულ პირობებში უკვე გამოსცადეს და მიღებული შედეგი კეთილსაიმედოა – სალმონალას გამომწვევი ყველა ბაქტერია ისე განადგურდა, რომ „სასარგებლო“ ბაქტერიებს ზიანი არ მიადგათ.
ამგვარი სიზუსტე თანამედროვე ანტიბიოტიკოთერაპიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამჟამინდელი პრეპარატები შეგვიძლია არტილერიას შევადაროთ, რომელიც ინტენსიურად, მაგრამ ბრმად ბომბავს მოწინააღმდეგის პოზიციას – ამ დროს კი შეიძლება მოკავშირეებიც დააზიანდნენ. ანტიბიოტიკები პათოლოგიურ და „სასარგებლო“ ბაქტერიებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ და მათ განურჩევლად კლავენ. ამის გამო კუჭ-ნაწლავის ტრაქტს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. გენური ინჟინერიის დახმარებით მომავალში ანტიბიოტიკები სნაიპერული სიზუსტით შეუტევენ სამიზნე პათოლოგიურ ბაქტერიებს.
რამდენიმე ფარმაკოლოგიური კომპანია უკვე მუშაობს Crispr მოდიფიცირებული ბაქტერიების შექმნასა და მათ ლაბორატორიულ გატესტვაზე. ეს უკანასკნელნი ზემოთ აღწერილი სქემის მიხედვით იმოქმედებენCrispr მეთოდიკა ასევე ძალზე იზიდავთ ვირუსებთან მებრძოლ მეცნიერებსაც. ისინი ცდილობენ, გენური მოდიფიკაციის გზით დაუპირისპირდნენ არა იმ ვირუსებს, რომლებიც ბაქტერიებს აინფიცირებენ, არამედ უშუალოდ იმათ, რომელთაც ადამიანების დასნეულება შეუძლიათ.
რამდენიმე დღის წინ, ჟურნალში Molecular Cell მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა ერთობლივი სტატია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, Crispr-ის საშუალებით შესაძლებელია სამ საშიშ ვირუსს წარმატებით შევებრძოლოთ. გრიპის A ტიპის ვირუსი, ლიმფოციტური ქორიომენინგიტის ვირუსი და ვეზიკულური სტომატიტის გამომწვევი ვირუსი გენური მოდიფიცირებით ლაბორატორიულ პირობებში დამარცხდა. ეს დიდი მიღწევაა, რადგანაც მკვლევარებს იმედს აძლევს, რომ შემდგომში გაცილებით უფრო საშიში, მომაკვდინებელი ვირუსების წინააღმდეგ გაბრძოლებაც იქნება შესაძლებელი.
ამჟამად მკვლევართა წინაშე სხვა, უფრო მნიშვნელოვნი ამოცანა დგას: მათ უნდა მოახერხონ და დაამტკიცონ, რომ გენმოდიფიცებული პრეპარატები ცხოველებსა და ადამიანებზეც ეფექტიანად მუშაობს. ასევე მათი შექმნილი პროდუქტი არსებულ მედიკამენტებზე უფრო იაფი უნდა ღირდეს, რათა იგი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
სუსტი, გამხდარი ჩინელი მეცნიერი, რომელიც თავის წარმოდგენაში მისი ქვეყნისთვის საგმირო საქმეს სჩადიოდა, ძალიან რთულ დღეში აღმოჩნდა. კოლეგებმა მასა და მის არაეთიკურ ექპერიმენტის კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს თავს. დიდი ვნებათაღელვის შემდგომ, ჩინეთის მთავრობამ შემდგომი სამეცნიერო ზეწოლის შიშით მარტივი გამოსავალი გამოძებნა – სუსტი, გამხდარი მეცნიერი ისე გააქრო, რომ მისი გზა-კვალი დღემდე არავინ იცის.
ავტორი : დიმიტრი ლიპარტელიანი
ციფრული და ინოვაციური სერვისები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ მათ დანერგვასა და განვითარებაზე. მორიგი ასეთი სიახლე თიბისი დაზღვევის და პირველი ქართული სამედიცინო სერვისების ციფრული ეკოსისტემის - REDMED-ის პარტნიორობაა.
REDMED არის ინოვაციური კომპანია, რომელიც ექიმებს და პაციენტებს თანამედროვე მიდგომების გამოყენებით აკავშირებს. REDMED-ის დახმარებით, შეგიძლია მოძებნო, შეარჩიო, დაუკავშირდე სასურველ ექიმს და დაგეგმოს ვიზიტი, ან მიიღოს სამედიცინო მომსახურება სასურველ გარემოში - „ ექიმი შენთან “
ახალი ციფრული პლატფორმა მოსახერხებელია ექიმებისთვისაც, რადგან მათ საშუალება აქვთ თავად განსაზღვრონ მათთვის სასურველი სამუშაო კალენდარი და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. REDMED-ის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია როგორც აპლიკაციით, ასევე ვებ-გვერდით - redmed.ge
აქამდე, ჩვენი ჯანმრთელობის დაზღვევის მომხამრებლებს სახლიდან გაუსვლელად შეეძლოთ ანაზღაურების მიღება. REDMED-თან თანამშრომლობით კი ახლა უკვე სამედიცინო მომსახურების მიღებაც, სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ.
ამ ეტაპზე მომხამრებელი REDMED-ით სამედიცინო სერვისის მიღების შემდეგ, მომსახურების სრულ თანხას გადაიხდის და შემდეგ წარადგენს ინვოისს, რის საფუძველზეც ავუნაზღაურებთ თანხას. სამომავლოდ კი მომხმარებელს საშუალება ექნება, ნაწილობრივი გადახდითაც ისარგებლონ - REDMED-ით სარგებლობისას ის მხოლოდ ნაწილობრივ თანხას გადაიხდის, დანარჩენს კი თიბისი დაზღვევა დაფარავს. მომხმარებელს თანხის ანაზღაურება ვებ-გვერდზე - on.tbcinsurance.ge ან Facebook Messenger-ში, ბი ბოტის დახმარებით შეუძლია.